აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე, აქვეყნებს ინტერვიუს ჩინეთში საქართველოს ყოფილ ელჩთან მამუკა გამყრელიძესთან, სათაურით „ჩინეთთან ერთი-ერთზე, პირისპირ დარჩენა, ძალიან ცუდი და საფრთხის შემცველია“, რომელშიც საუბარი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის შუქ-ჩრდილებზე – იმ სავარაუდო სასარგებლო და საზიანო მომენტებზე, რომლებიც პერსპექტივაში შეიძლება საქართველოს ხელისუფლების წინაშე დადგეს.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
საქართველოს მთავრობის მიერ, ანაკლიის სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტის, 49%-იანი წილის ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმისთვის გადაცემიდან, ზუსტად ერთ კვირაში, ჩინეთის ხელისუფლებამ ისევ არ დაუჭირა მხარი, გაეროში „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციას.
რამდენად „სტრატეგიულია“ ჩინეთთან გაფორმებული „სტრატეგიული პარტნიორობა“? რა საფრთხეებს და რისკებს შეიცავს ანაკლიის პორტში, ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმის შემოშვება? და, რაში სჭირდება, დასავლეთთან ღრმა კონფლიქტში შესულ ბიძინა ივანიშვილს კომუნისტური ჩინეთი? ამ თემაზე „ამერიკის ხმა“ საქართველოს ყოფილ ელჩს ჩინეთში,
მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა.
-
- საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტს „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“ (CCCC) ააშენებს, რომელიც გარდა იმისა, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა, ასევე სანქცირებულია აშშ-ს მიერ. CCCC მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ სკანდალში ფიგურირებს, მათ შორის, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოების მთავრობის წევრებისთვის ქრთამის გადახდაში; ამავე დროს, რამდენიმე კონტინენტზე, სწორედ ეს კომპანია, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გლობალური ინიციატივის “ერთი სარტყლისა და ერთი გზის” ფარგლებში…როგორც ყოფილი ელჩი ჩინეთში, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის ჩინეთისთვის გადაცემით, ხედავთ თუ არა საქართველოში, ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიის საფრთხეს და რისკებს?
-
- დავიწყებ იქიდან, რომ ეს კომპანია „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“ (CCCC) ჩინეთის სახელმწიფოს ეკუთვნის. კომპანიის დაახლოებით 70% არის „სახელმწიფო ქონების ზედამხედველობისა და მართვის სპეციალური სახელმწიფო კომისიის“ განკარგულებაში, რომელიც თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს – სახელმწიფო საბჭოს იგივე ცენტრალური სახალხო მთავრობის დაქვემდებარებაშია.
ასეთი მსხვილი კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე, რომლის უკან ჩინეთის სახელმწიფო დგას, ინვესტიციის და ვაჭრობის კუთხით ძალიან კარგი იქნებოდა, რომ გაგვაჩნდეს გეოპოლიტიკური ბალანსი. იმიტომ, რომ ჩინეთთან ერთი ერთზე მარტო დარჩენა, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, თავისთავად ძალიან ცუდი და საფრთხის შემცველი იქნება.
-
- კარგად მოგეხსენებათ, ჩინეთის პოლიტიკა, მათ რაღაცა მორალური მუხრუჭები არ გააჩნიათ კორუფციასთან დაკავშირებით, ისინი მუდმივად ცდილობენ ჩაითრიონ კორუფციაში იმ ქვეყნების მთავრობები, სადაც მუშაობენ.
-
- ვიცით, CCCC-ს აქვს 40-ზე მეტი წარმომადგენლობა აფრიკაში, ამდენივე აზიასა და ევროპაში, სადაც ისინი სწორედ „ერთი სარტყლის“ ინიციატივის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით, აქტიურად მუშაობენ. ამ კომპანიის ისტორია ბანგლადეშში, ეკვატორულ გვინეაში, მალაიზიაში, ფილიპინებზე, ეკვადორში, შრი ლანკაზე აჩვენებს, რომ ნებისმიერი პრობლემური საკითხის გადაჭრა დაკავშირებულია კორუფციასთან, ათეულობით მილიონი დოლარით მთავრობის წევრების მოქრთამვასთან, რაც დიდი საფრთხის შემცველია.
-
- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ შეცდომას საქართველოს მთავრობის მხრიდან მოჰყვება, ძალიან დიდი წნეხი ჩინეთის მხრიდან, რასაც ჩვენ ვუყურებთ ძირითადად, აფრიკის ქვეყნებში, ევროპაშიც, იგივე მონტენეგროში, ძალიან პრობლემური გახდა, ჩინეთის სახელმწიფო კრედიტები. ეს კრედიტები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია და შემდეგ დგება, დასავლური ფინანსური ორგანიზაციების ჩართვის აუცილებლობა, რომ ეს კრედიტები გადაიფაროს…
-
- მოკლედ, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის საფრთხე არსებობს, რომლისგან თავის დაცვა შესაძლებელი და შესაბამისად, უფრო ადვილი იქნებოდა, დასავლეთის მხარდაჭერა რომ გვქონდეს. ჩვენ კიდე ამ დროისთვის, რაღაცნაირად ზურგი ვაქციეთ ევროპას, ზურგი ვაქციეთ აშშ-ს და შიში მაქვს იმის, რომ ჩინეთთან მარტო დარჩენა ძალიან დიდ საფრთხეებთან იქნება დაკავშირებული.
-
- თქვენ საფრთხედ, ჩინეთის სახელმწიფო კრედიტები ახსენეთ, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების დეტალები ამ ეტაპზე ისევ არ არის ცნობილი, თუმცა, შრი ლანკაში და პაკისტანში, ჩინეთის კრედიტებით, ჰამბანტოტას და გვადარის პორტების მშენებლობამ აჩვენა, რომ საბოლოოდ, ეს პორტები ჩინეთის მართვაში გადავიდა, როცა ამ ქვეყნებს უზარმაზარი ვალი დაედოთ…
-
- დიახ, ეს საფრთხე ანაკლიასთან დაკავშირებითაც არსებობს. მაგალითად, გვადარის პორტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, იქ ჩინეთმა 60 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო, უზარმაზარი ინფრასტრუქტურა აშენდა, პორტი, ელექტროსადგურები, გზები…
-
- მაგრამ გვადარის პორტის სიმძლავრეების გასაზრდელად და ტვირთნაკადების მოსაზიდად, ეს ინვესტიციაც არ აღმოჩნდა საკმარისი. საჭირო იყო ინვესტირება პაკისტანის მხრიდანაც და პაკისტანს ამაზე ფული აღარ ეყო. ისევ აიღეს სახელმწიფო კრედიტი ჩინეთისგან და შემდეგ ამ კრედიტის მომსახურებას შეეწირა ეს პორტი, რომელიც გადავიდა ჩინეთის მართვაში. საბოლო ჯამში, გვადარი არცთუ წარმატებული პორტი გამოვიდა.
იგივე მოხდა შრი ლანკაში, სადაც ჩინეთის კრედიტებით აშენებული ჰამბატოტას პორტი, 99 წლით გადავიდა ჩინეთის მართვაში. შრი ლანკამ ვალი ვერ გადაიხადა, 2022 წელს კი საერთოდ დეფოლტი გამოაცხადა.
-
- იგივე მოხდა მონტენეგროში, ერთი პატარა გზა გაიყვანეს ჩინეთის სახელმწიფო კრედიტით, სწორედ „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, მონტენეგროს მთავრობას დაედო უზარმაზარი ვალი და ახლა უწევს, ამ ვალის დასავლური კრედიტებით გადაფარვა, პლუს, ამ გზის მშენებლობის შემდეგ, გაჩნდა უმძიმესი ეკოლოგიური პრობლემები, სახელმწიფომ გამოძიებაც კი დაიწყო.
-
- იგივე მდგომარეობაა არგენტინაში, კენიაში, სადაც რკინიგზა სწორედ „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიამ“ (CCCC) ააშენა და კენიას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი დაედო. ეს საფრთხე ბუნებრივია არსებობს საქართველოშიც და ამის გათვალისწინება ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს.
-
- რადგან ანაკლიის მშენებლობა ვახსენეთ, უნდა ითქვას, რომ ჩინეთთან მშენებლობის ხარისხიც პრობლემაა. იცით როგორი რაღაცაა, ჩინელს რამდენსაც გადაუხდი, ისე აგიშენებს და გაგიკეთებს. თუ იაფად მოვინდომებთ აშენებას და პროექტის გაიაფებას, ხარისხიც ძალიან დაბალი იქნება. მაგრამ, თუ შესაბამისად გადაუხდის საქართველოს მთავრობა, მაშინ მაღალი ხარისხის პორტი იქნება.
-
- ვიცით, რომ ანაკლიაში ნაწილი ინვესტიციის ჩინეთის იქნება, მაგრამ მეორე ნაწილი ხომ არის საქართველოს ინვესტიცია? აი, სწორედ მანდ არის საშიშროება, გვეყოფა კი ფული? და, თუ არ გვეყოფა, წავა თუ არა ჩვენი ხელისუფლება კრედიტების აღებაზე, ისევ ჩინური მხარისგან? მოკლედ საფრთხეები ბევრია და იმედია, საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს. თან, ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ანაკლიის პორტის პირველი ინვესტორები, კონსორციული, რომელსაც მთავრობამ პროექტი ჩამოართვა, საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივიან.
-
- „შუა დერეფნის“ განვითარება, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლია ჩინეთის ხელში გადადის, ბრიუსელიდან უკვე ისმის შეშფოთებული მესიჯები რომ ეს ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესს ეწინააღმდეგება… გაქვთ მოლოდინი, რომ ევროკავშირი შავ ზღვაზე ჩინეთის გამოჩენის შემთხვევაში, შუა დერეფნის მხარდაჭერის პოლიტიკას გადახედავს?
-
- გამიჭირდება ახლა შეფასება, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი. რა თქმა უნდა, დასავლეთში დიდი სკეპტიციზმი არსებობს, ჩინეთთან საქართველოს დაახლოების გამო, მით უმეტეს, რომ ვაშინგტონში ბოლო ოფიციალური ვიზიტისას, თუ არ ვცდები, 2019 წელს, მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ პირდაპირ გვითხრა, რომ ანაკლიის აშენება გააძლიერებდა საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან ააცილებდა საქართველოს საფრთხეს, რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენის მსხვერპლი გამხდარიყოო. ამ განცხადებიდან 5 წელში, ჩვენ ანაკლია ჩინეთს გადავეცით.
-
- მეორეს მხრივ, რომ გვქონოდა გეოპოლიტიკური ბალანსი, პრობლემა და ასე ტრაგიკული არ იქნებოდა ჩინეთთან დაახლოება. მე მგონია, რომ ჩვენ მულტიპოლარული ეკონომიკური პოლიტიკა უნდა განვახორციელოთ, ეს მხოლოდ ჩინეთს არა ეხება, არამედ – ინდოეთს, საუდის არაბეთს, ბრაზილიას, სამხრეთ აფრიკას, რომელმაც გაეროში ბოლო კენჭისყრის დროს, ოკუპირებულ მიწებზე ქართველი დევნილების დაბრუნების თაობაზე, ჩვენს მხარდამჭერ რეზოლუციას დაუჭირა მხარი.
-
- ასეთ ქვეყნებთან აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ ბალანსის არარსებობის პირობებში, ჩვენთვის საფრთხეები რომ არსებობს, ამას დასავლეთიც ხედავს და გვაფრთხილებს.
-
- ჩემი აზრით, აუცილებელია ცოტა მოქნილები ვიყოთ, როგორც დასავლეთთან, ასევე გლობალურ სამხრეთთან. მგონია, რომ საფრთხეები მეტწილად „ოცნების“ მთავრობიდან მომდინარეობს და არა იმდენად ჩინეთიდან.
-
- რის უფლებასაც მისცემს აქ ჩვენი ხელისუფლება, იმ ფარგლებში შეძლებს ჩვენს ტერიტორიაზე ჩინეთი ოპერირებას და წნეხის განხორციელებას. ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩინეთს არ აინტერესებს აქ, არც დემოკრატიის ხარისხი, არც ადამიანის უფლებები და არც სასამართლოს დამოუკიდებლობა, არც გარემოს მდგომარეობა და არც დასაქმებულთა უფლებები, ესაა სწორედ განსხვავება, დასავლურ და ჩინურ ინვესტიციას შორის.
-
- პრაქტიკულად, „ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პროქსი ჯგუფებით, იგივე „ხალხის ძალის“ პირით უკვე დიდი ხანია ახმოვანებს, თუ რისი იმედი აქვს, ჩინეთთან დაახლოებით…იგი ამოდის იქედან, რომ რადგან უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირს და შტატებს „შუა დერეფანი“ და იგივე ჩინეთთან ვაჭრობა ძალიან სჭირდება, ივანიშვილის აზრით, დასავლეთი, საქართველოში, როგორც „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან რგოლში, იძულებული გახდება, თვალი დახუჭოს „რუსული კანონის“ მიღებაზე, დევნაზე, ძალადობაზე, დემოკრატიის და თავისუფალი სიტყვის ჩახშობაზე, არჩევნების გაყალბებაზე. ანუ მას მოლოდინი აქვს, რომ საბოლოო ჯამში, დასავლეთი „შეეგუება“ ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობას და ჩინეთთან ვაჭრობაზე უარს არ იტყვის. ხედავთ ასეთ მძიმე პერსპექტივის შესაძლებლობას?
-
- გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა ჰენრი კისინჯერი იყო ამერიკის ხელისუფლებაში, ჯერ პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, შემდეგ კი სახელმწიფო მდივანი, აშშ-ის დამოკიდებულება ჩინეთთან სწორედ ასეთ საფუძველზე მიმდინარეობდა. ხდებოდა გათვალისწინება იმ არსებული სიტუაციისა რაც ჩინეთშია. მათთან მეგობრობა და ერთგვარი თვალის დახუჭვა ადამიანის უფლებების პრობლემებზე. დღემდე, ასე მიმდინარეობს, სამწუხაროდ.
-
- მოდი ასე ვთქვათ, რეალპოლიტიკა, რომელიც დღეს მსოფლიოშია გაბატონებული, კისინჯერიდან დაწყებული, სწორედ ამაზეა დაფუძნებული, რომ დიდი ქვეყნების „სურვილების და შესაძლებლობების“ გათვალისწინება უნდა მოხდეს.
-
- მაგრამ, ჩვენ არ ვართ „დიდი ქვეყანა“, არც ჩინეთი, არც ბირთვული რუსეთი, ჩვენ არ ვართ, არც ძალიან მძლავრი და მდიდარი ინდოეთი… და ა.შ .ამიტომ ჩვენ აქ არავინ გვაპატიებს, არც ადამიანის უფლებების დარღვევას, არც ძალადობას და გადახრებს, ეს ცოტა გულუბრყვილო დამოკიდებულებაა.
-
- მაქსიმუმი რისი იმედიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს, რომ ძალიან მკაცრად არ დაგვსაჯონ, ეს შეეხება სახელმწიფოს და ხალხს. მაგრამ, მე არ გამოვრიცხავ, რომ იქნება პერსონალური სახის სანქციები. ამიტომ, ვიმეორებ, ცოტა გულუბრყვილოდ მეჩვენება ეს, რომ რადგან ევროპას და აშშ-ს ვჭირდებით „რაღაცაში“, ის ყველაფერზე თვალს დახუჭავს, ასე არ იქნება.
-
- „ოცნების“ მთავრობა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ ეს ნაბიჯი არ გულისხმობდა საგარეო კურსის ცვლილებას. დღეს, „რუსული კანონის“ მიღებით, ივანიშვილმა პრაქტიკულად შემოატრიალა ქვეყანა ევრო-ატლანტიკური კურსიდან და ანაკლიაში მწვანე შუქი ჩინეთსაც აუნთო…არის თუ არა საქართველოსთვის საპირწონე ჩინეთთან “სტრატეგიულო პარტნიორობა”, იგივე ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასთან შედარებით?
-
- ჩვენ ჩინეთთან “სტრატეგიული პარტნიორობა” წარმოგვიდგენია რაღაც განსაკუთრებულ, ახლო მეგობრობად ჩინეთთან, რაც სიმართლესთან არ არის ახლოს. ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობის 15-ზე მეტი სხვადასხვა დონე გააჩნია. იქ არის „ყოვლისმომცველი პარტნიორობა“, „მრავალმხრივი პარტნიორობა“, „სამუდამო პარტნიორობა“ და ა.შ ისეთი საოცარი სახელები აქვს, ამ პარტნიორობის დონეებს რომ ადამიანი დაიბნევა. ჩვენ ახლა, ჩინეთთან პარტნიორობის ყველაზე დაბალ დონეზე ვიმყოფებით, აქედან გამომდინარე, ფიქრი იმაზე, რომ ეს პარტნიორობა ჩვენ რაღაც უზარმაზარ ბენეფისებს მოგვიტანს (არასწორია), დიდი ბენეფისების მომცემი ეს (პარტნიორობა) არ იქნება. შესაბამისად, ეს ვერ იქნება ევროკავშირთან ან შეერთებულ შტატებთან საპირწონე პარტნიორობა. ამაში გარწმუნებთ.
-
- რაც შეეხება „რუსული კანონის“ მიღებას. ეს კანონი ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მუშაობას ქვეყანაში, შესაბამისად მათი მოქმედების არეალი შეზღუდული იქნება. ასეთ პირობებში, როცა ჩვენ ვაშენებთ საქართველოსთვის გიგანტურ პორტს, შესაძლებელია საფრთხეები იყოს, კორუფციის, ხარისხის, ეკოლოგიის თვალსაზრისით, არასწორი მოქმედებები ხელისუფლების მხრიდან, ამას მონიტორინგი და კონტროლი სჭირდება და რომელ კონტროლზე იქნება საუბარი, როცა თავად არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან კონტროლის ქვეშ მოხვედრილები.
ამიტომ, ეს კანონი ერთის მხრივ არის ევროპისგან და დასავლეთისგან საზოგადოების დაშორება და მეორეს მხრივ, ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში, იმისთვის, რომ გააჩუმოს და კონტროლის ქვეშ ამყოფოს არასამთავრობო ორგანიზაციები.
-
- ეს არ ეხება მხოლოდ ანაკლიის პორტის პროექტს, წინ გვაქვს ვაზიანის აეროპორტის პროექტი, რომლის აშენებასაც ასევე ჩინელები აპირებენ. ამ აეროპორტის აშენების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ მაინც აშენებენ. მოკლედ ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რაღაც წყალგამყოფზე ვართ, წავალთ ან დასავლეთისკენ ან ავტოკრატიული, გლობალური სამხრეთისკენ.
-
- ბიძინა ივანიშვილი და „ოცნება“ მუდმივად ცდილობენ, რომ ერთ სიბრტყეზე დააყენონ და რაღაც „პარალელებიც“ კი იპოვონ, ჩინეთთან და დასავლეთთან არებულ „სტრატეგიულ პატრნიორობას“ შორის. თუმცა, გაეროში, მას შემდეგ რაც ჩინეთმა ისევ არ დაუჭირა მხარი ჩვენი დევნილების დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, აშკარად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამავე დროს, კობახიძემ და პაპუაშვილმა ჩინეთს მაინც გადაუხადეს მადლობა. რამდენად შეესაბამება ჩინეთის ეს პოლიტიკა „სტრატეგიული პარტნიორობის“ სულისკვეთებას? მით უმეტეს, რომ ჩვენ „ერთი ჩინეთის“ პრინციპს ვაღიარებთ…
-
- რანაირად უნდა დაეჭირათ მხარი? როცა, არასოდეს დაუჭერიათ ამ რეზოლუციისთვის მხარი? ჩინელები არასდროს უჭერდნენ მხარს, ან წინააღმდეგი აძლევდნენ, ან არ იღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას. ახლაც, მგონი არ შევიდნენ კენჭისყრაზე, რამდენადაც ვიცი.
იმის იმედი, რომ ჩინეთი ოდესმე მხარს დაგვიჭერს (აფხაზეთში და ცხინვალში დევნილების დაბრუნების რეზოლუციაზე), (ფუჭია), ეს არის გამორიცხული. რუსეთის წინააღმდეგ ჩინეთი არ წავა. ეს არის ოცნებები, ეს არასდროს მოხდება.
-
- შესაბამისად, ის, რომ ჩინეთს საქართველოსთან რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს, ეს არის „ოცნების“ პროპაგანდა, პროპაგანდის ნაწილი.
-
- დიპლომატიური თვალსაზრისით, შემიძლია გითხრათ ზუსტად, რომ ეს არ არის მაღალი დონის პარტნიორობა (საქართველოს და ჩინეთს შორის), მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა, აქვთ, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს და ჩინეთს, რუსეთს და ჩინეთს. კიდევ უფრო მაღალი დონის პარტნიორობა აქვს ჩინეთს ბელარუსთან.
-
- რაც შეეხება ჩვენი მხრიდან „ერთი ჩინეთის“ პრინციპის აღიარებას, ამაშიც ახალი არაფერია, ეს ადრეც ასე იყო. საქართველო ყოველთვის ცნობდა ერთ ჩინეთად, როგორც კუნძულოვან, ისე კონტინენტურ ტერიტორიას. ასევე იქცევა აშშ და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა, ტაივანის დამოუკიდებლობას სულ ათიოდე ქვეყანა ცნობს.
-
- რა თქმა უნდა, ნაცვალგების პრინციპი დიპლომატიაში ჩვეულებრივი ამბავია, და კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია, მათაც ეთქვათ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ნაწილია…ასე არ მოხდა. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ..
-
- მეორე მომენტიც არის, ჩვენც შეგვეძლო, „სტრატეგიული პარტნიორობის“ ტექსტი ცოტა უფრო „რბილი“ გაგვეკეთებინა, უფრო „მოგვემრგვალებინა კუთხეები“… მე ადრეც ვთქვი, როცა ეს „სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულება დაიდო, რომ ეს ტექსტი არ ჰგავს მეთქი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწერილ ტექსტს.
-
- ეს ტექსტი ძალიან ჰგავს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწერილ ტექსტს იმიტომ, რომ იქ პრობლემურია არა მარტო ეს, არამედ სხვა საკითხებიც, მთელი პუნქტებია, რომელიც გადმოწერილია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობის რეზოლუციებიდან. ეს იყო ყველაზე სასაცილო, როცა რეზოლუციის ტექსტი ვნახე, ამ ხელშეკრულებაში და რანაირად შეიძლებოდა ამაზე ხელის მოწერა, მე არ ვიცი, მაგრამ მოაწერეს და ახლა რას ვიზამთ.
-
- ბოლო თვეების მანძილზე, საქართველოში აღვირახსნილი ანტიდასავლური პროპაგანდის პარალელურად, „ოცნების“ პროპაგანდაც და ჩინეთის „რბილი ძალაც“, თანამედროვე ჩინეთს ლამის ოაზისად და უაღრესად, ნათელ ფერებში წარმოგვიდგენს, იმ ფონზე, რაც იქ სინამდვილეში ხდება, იგივე, თუნდაც, სინძიან-უიღურის ავტონომიურ მხარეში…
-
- კი ბატონო, სრულიად საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბოლოს, დავოსში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვეს კითხვა, რას იტყვით სინძიან-უიღურთა ავტონომიურ მხარესთან დაკავშირებითო? პასუხი იყო გასაოცარი! რას ბრძანებთ, იქ მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იმატებს და ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ იქ ყველაფერი კარგად არისო!
-
- მოსახლეობის რაოდენობა იქ იმიტომ „იმატებს“, რომ სინძიან-უიღურთა რეგიონის ეთნიკური შემადგენლობა მიზანმიმართულად იცვლება. 50 წლის წინ, უიღურები ამ რეგიონში მოსახლეობის 90% იყვნენ და დღეს 50-50%-ზეა ანუ მიზანმიმართული შესახლება მიმდინარეობს, ხანის ეთნიკური მოსახლეობის, ხდება ეთნიკური სურათის ცვლილება.
-
- ამ რეგიონში არის ძალიან მძიმე სიტუაცია, ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებას შექმნილი აქვს ე.წ „გადამზადების ბანაკები“ ეთნიკური უიღურებისთვის, სადაც ყოველგვარი ბრალდების, გამოძიების, სასამართლოს გარეშე, მიმდინარეობს, როგორც გენოციდი და ისე ეთნოციდი, უიღურთა კულტურული იდენტობის განადგურება. იგივე მდგომარეობაა ტიბეტშიც და ჩინეთის სხვა ავტონომიურ მხარეებში.
-
- ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩინეთში ხალხზე ტოტალური ზედამხედველობაა, შემოიღეს ე.წ „ქულების პრინციპი“, ე.წ „სოციალური კრედიტის სისტემა“. ანუ ჩინეთის მოქალაქემ უნდა დააგროვოს რაღაცა რაოდენობის „ქულა“ თუ უნდა რომ კარიერულად წინ წაიწიოს. და, თუ, ვერ დააგროვებს ამ „ქულებს“, მაშინ შეიძლება სამსახური დაკარგოს, ხელფასი დააკლონ, დასაჯონ, საცხოვრებლიდან გამოასახლონ..არსებობს A+ კატეგორიის და C კატეგორიის მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფო სრულ მარგინალებად აცხადებს..
-
- ასეთ „ორუელის სამყაროში“ ცხოვრებას ნამდვილად არავის ვუსურვებდი. ჩინელისთვის შეიძლება ეს უფრო ადვილი გასაგებია, იმიტომ რომ მაინც კონფუციანური ქვეყანაა და მათ გენეტიკაში აქვთ, ამ დაქვემდებარების „პირამიდაში“ ცხოვრება, ჩვენთვის, თავისუფალი ერებისთვის, ეს ძალიან ძნელია.
მოამზადა – სიმონ კილაძემ