როგორი უნდა იყოს ევროკავშირის შემდგომი გაფართოება? – რას წერს უცხოური პრესა

26
spot_img

„ევროკავშირის გაფართოების მორიგი მცდელობა ბრიუსელისთვის ტიტანური გამოცდა იქნება და მისი წარმატებით დასრულება ძალიან რთული წარმოსადგენია. ევროკავშირის შემადგენლობაში მყოფი სახელმწიფოებისათვის ახალი წევრების, კონკრეტულად კი უკრაინის დამატება, მათთვის რაიმე სარგებელს და მომგებიან შესაძლებლობას არ ქმნის“, – ნათქვამია ესპანური გაზეთ „ელ პაისში“ (EL Pais) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „როგორი უნდა იყოს ევროკავშირის შემდგომი გაფართოება?“ (ავტორი – ბერნარდო დე მიგელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

ახალი წევრების მიღება-მიერთება ევროკავშირის შესაძლებლობების მძიმე გამოცდა იქნება, რომელიც ბლოკისთვის გარდაუვალია, მაგრამ გაფართოების პროცესის წარმატებული დასრულება რთული და პრობლემატური მოჩანს.

უკვე ახლავე ცნობილია, რომ გაფართოება-მიღების მთავარი კანდიდატი ქვეყანა უკრაინა იქნება.. თუ მისი კანდიდატურა, პოსტსაომარი ტრავმატული პერიოდის გამო, წარუმატებელი იქნება, ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მცდელობა წინასწარ ჩაშლილ ფსონს დაემსგავსება. ისეთი ქვეყნების მიღება, როგორებიც არიან ჩერნოგორია, ალბანეთი ან ჩრდ. მაკედონია, ბრიუსელისთვის ზედმეტი სიძნელეების გამრავლებას ნიშნავს, ძალიან მცირე დამატებითი ღირებულებით და როგორც შედეგს, მივიღებთ იმას, რომ ევროკავშირი სულ უფრო ნაკლებად მართვადი იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ბლოკის განვითარება დიდი ხნის განმავლობაში  შეჩერდება და ერთ წერტილზე გაიყინება. მოკლედ, გაფართოება ევროკავშირის დღევანდელ წევრებს სამომავლოდ სიკეთეს არ მოუტანს.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება:

ევროკავშირის დამფუძნებელ-დამაარსებელი ქვეყნებიდან ორი დონორი სახელმწიფო – იტალია და ნიდერლანდები – უკვე ულტრანაციონალისტური მთავრობების ხელში არიან ჩავარდნილნი, რომლებიც ღიად ეწინააღმდეგებიან ახალი წევრების მიღებას. უკიდურესად მემარჯვენე ძალების გაძლიერება შეიმჩნევა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც – პორტუგალიიდან სლოვაკეთამდე და შვედეთამდე. საფრანგეთში, როგორც გამოკითხვები აჩვენებენ, ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ პარტიას მარინ ლე პენის მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია დაამარცხებს. უფრო მეტიც – არ არის გამორიცხული, რომ 2027 წლისათვის პრეზიდენტ მაკრონს ელისეის სასახლეში მარინ ლე პენი შეცვლის. და რაც ყველაზე თვალში საცემია – ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები შედარებით ახლახან გახდნენ, შიშობენ, რომ „უკრაინელი გიგანტი“, რომელიც მძიმედ არის „დაჭრილი“ და „ხანგრძლივ ძვირადღირებულ მკურნალობას“ საჭიროებს (დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის), მათ იმ  მსხვილ ინვესტიციებს და დახმარებას წაართმევს, რომლებსაც ისინი ბრიუსელისაგან იღებენ.

სხვათა შორის, ექსპერტთა გამოთვლით, უკრაინის – დღევანდელი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის – მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ბულგარეთის – ევროკავშირის ერთ-ერთი პატარა ქვეყნის მშპ-ის ნახევარსაც  კი არ წარმოადგენს, რომელიც ამჟამად ყველაზე მცირედ ითვლება. არადა, უკრაინის სახნავ-სათესი მიწების ფართობი ესპანეთს და საფრანგეთს აღემატება, ერთად აღებულს. ფინანსური დანახარჯები უკრაინის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისათვის ისეთი წარმოუდგენელი მოცულობისა იქნება, რომ ევროპელებს კისერზე ლოდივით ჩამოეკიდებათ. ამიტომაც ბევრია ისეთი ევროპელი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გაფართოებას და ნოსტალგიით, სიამტკბილობით იხსენებენ ბედნიერ და მაძღარ 1990-იან წლებს.

ბევრი ევროპელის სურვილი უკრაინისათვის დახმარების მიზნით იდეალური და გულწრფელია – ისევე როგორც ეს მოხდა 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა ორი გერმანია გაერთიანდა, მაგრამ არის ერთი მომენტი: იმ დროს აღმოსავლეთ გერმანიის (გდრ-ის) ეკონომიკა საკმაოდ ძლიერი იყო, ვიდრე დღევანდელი უკრაინისა (შედარებაც კი არ შეიძლება!), მაგრამ გერმანელები მრავალი წლის განმავლობაში გრძნობდნენ თანამოძმეებთან გაერთიანებით მიღებულ პრობლემებს. და თუ ამას დავამატებთ უკრაინის მაღალი დონით კორუმპირებულობას, სახელმწიფო სტრუქტურების არასტაბილურობას და ომისშემდგომ მადესტაბილიზებელ გავლენას რუსეთის მხრიდან, მაშინ გასაგები იქნება, რა ელოდება წინ ევროკავშირს უკრაინის მიღებით.

წყარო