,,საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი”- პაპუაშვილი

43
spot_img

საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ დამსახურებებზე დაყრდნობით საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„რაც შეეხება ოპოზიციის გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ შესაძლოა ევროკავშირში რომელიმე ქვეყანამ იმის გამო, რომ უნგრეთს შესაძლოა, კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეს რაღაც საკითხის მიმართ, ამის საპასუხოდ, საქართველოს საკითხი დაბლოკონ, არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს ამ ოპოზიციას ევროპასა და ევროპულ ღირებულებებზე.

ჩვენი და ევროკავშირის საერთო ევროპული ღირებულება არ გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს სხვის, ვიღაცის ჯინაზე. ეს კამათი, ან დისკუსია, რომელიც ევროკავშირში არის, არ არის ახალი დისკუსია და ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. მიუხედავად იმისა, თუ ეს დისკუსია საით მიდის და როგორია, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს არცერთ ქვეყანას, რომ მიიღოს დამსახურებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება. საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება, არსებობდეს. საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე.

ჩვენ გვაქვს ევროპული კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია. ჩვენი მოლოდინია, რომ თუ გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაყრდნობით უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, დამსახურებაზე დაყრდნობით საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. მე სხვა მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.