საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი, ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია -კახა კალაძე „ვეტინგის“ სისტემის შემოღებაზე

15
spot_img

როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება წინა წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული სასამართლო სისტემა დღევანდელი სასამართლო სისტემისგან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ე.წ ვეტინგის სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, არსებობს ძალები, ვისაც აქვს იმის სურვილი, რომ დაიქვემდებაროს სასამართლო და მოსამართლეები.

„როგორც ცა და დედამიწა,ისე განსხვავდება წინა წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული სასამართლო სისტემა დღევანდელი სასამართლო სისტემისგან. ყველანაირი სტატისტიკით შეიძლება მივიღოთ ამასთან დაკავშირებით პასუხი. პირდაპირ ვთქვათ, არსებობს ძალები, ვისაც აქვს იმის სურვილი, რომ დაიქვემდებაროს სასამართლო, მოსამართლეები და ისინი მართავდნენ ამ ყველაფერს. არა კონსტიტუცია და ქართველი ხალხი, არამედ კონკრეტულად ის პიროვნებები თუ ორგანიზაციები. ყველაფერი ცხადი და ნათელია. ვიცით ყველაფერი, როგორ მოქმედებს ქვეყნებში კამპანიების დაფინანსება, რა უდევს ამას საფუძვლად და რატომ კეთდება ეს ყველაფერი. მგონი, ქართველმა ხალხმაც ყველაფერი უკვე ძალიან კარგად გაანალიზა, კარგად ხვდება და ყველაფერს თავის სახელს არქმევს. საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია და კანონები, რომელსაც პატივს ვცემთ. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენმა წინაპრებმა ზუსტად იმისთვის იბრძოლეს, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ. სისხლი დავღვარეთ ამისთვის და, რა თქმა უნდა, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი. საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვაქვს კონსტიტუცია და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.