თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, მოკლული გოგონას დედას და მამას დაკითხავენ.
სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული ცინდელიანიც, ის დუმილის უფლებით სარგებლობს.
გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის დროს და ამჟამადაც სრულიად ჯანმრთელი იყო და არის.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.
ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.