საპროტესტო აქციები საქართველოში: ახალგაზრდა, კრეატიული და მოწინააღმდეგე – უცხოური პრესა

37
spot_img

გერმანული გაზეთის „დი ტაგესცაიტუნგის“ (Die Tageszeitung) 20 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საპროტესტო აქციები საქართველოში: ახალგაზრდა, კრეატიული და მოწინააღმდეგე // „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჯერ კულტურის დაწესებულებები „მოაწესრიგა“, ახლა სამოქალაქო საზოგადოების დრო დადგა, მაგრამ ის წინააღმდეგობას უწევს“ (ავტორი – ზაალ ანდრონიკაშვილი, ბერლინის ვ.ლეიბნიცის ლიტერატურული და კულტურული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი).


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


„როცა 26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრებმა საბერძნეთის გუნდზე გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატში პირველად მიიღო მონაწილეობის უფლება, ქვეყანა ისტორიულმა ზეიმმა მოიცვა. ამ გამარჯვებას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც სპორტული ჩარჩოებს სცილდებოდა: ეს იყო საქართველოს ევროპული სწრაფვის დადასტურება. გასულ წელს ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იყო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
მაგრამ საზეიმო განწყობა მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა, იმედები და ოპტიმიზმი ეჭვებმა და შეშფოთებამ შეცვალა: საქართველოს პარლამენტმა, სადაც უმრავლესობას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ფლობს, აპრილში დაიწყო განხილვა და მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. დოკუმენტის მიღება ითვლება არამხოლოდ საშინაო და საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენად, არამედ ის აჩენს მრავალმხრივ პრობლემებს: პოლიტიკურს, სოციალურს და კულტურულს – როგორც ავადმყოფობის სიმპტომებს. აღსანიშნავია, რომ იგივე კანონპროექტის მიღებას მმართველი პარტია შარშანაც ცდილობდა, მაგრამ საზოგადოების პროტესტის გამო უკან დაიხია.


ტარანი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ


ქვეყნის საშინაო პოლიტიკისათვის, ისევე როგორც საქართველოს მეზობელ რუსეთში, კანონპროექტის მიღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ერთგვარ ტარანად შეიძლება ჩაითვალოს.


მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ აკონტროლებს ყველაზე მდიდარი ქართველი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება (საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედი) რუსეთში დააგროვა. ბოლო 12 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ ქვეყანას მართავს, მისი მოქმედება სულ უფრო ავტორიტარული ხდება. ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს პარლამენტს, მთავრობას, სასამართლო სისტემას და ქვეყნის უმსხვილეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. იმდენად, რამდენადაც მას ეშინია, რომ 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, იგი ეძებს და ყველა საშუალებას იყენებს ხელისუფლებაში დასარჩენად. აღნიშნული კანონპროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება – მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო „უცხოელი აგენტების შესახებ“, მოგვიანებით კი შეცვალეს. დოკუმენტი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ, [დაუმორჩილებელი] არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წინააღმდეგ.


ბიძინა ივანიშვილი თავდაპირველად მეცენატისა და ქველმოქმედის, ქართული კულტურის მფარველისა და პროპაგანდისტის როლში გამოდიოდა. იგი მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავდა კულტურის დაწესებულებების რეკონსტრუქციისათვის, გულუხვად აფინანსებდა ხელოვნების და სპორტის მოღვაწეებს, თუმცა სწორედ იმ ეტაპზევე გამოვლინდა ქველმოქმედის ნამდვილი სახე და მისი მიზანი: ბიძინა ივანიშვილი თავის შენაწირებს და ხარჯებს განიხილავდა როგორც სამომავლო მოგების მომტან ინვესტიციას. ასეთმა გამოიანგარიშებამ გაამართლა 2012 წელს და მომდევნო პერიოდშიც, განსაკუთრებით კულტურის მოღვაწეთა უფროს თაობაში, რომელთაგან ბევრი მის მიმართ დღემდე ერთგულებას ამჟღავნებს, მაგალითად, ოდესღაც ლეგენდარული თეატრალური რეჟისორი რობერტ სტურუა.


კულტურის დაწესებულებების „მოწესრიგება“


ბიძინა ივანიშვილი არასდროს არ ზრუნავდა ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების თავისუფლებაზე, მას მხოლოდ კულტურაზე კონტროლის განხორციელება აინტერესებდა. კულტურის ის დაწესებულებები, რომლებსაც ახალგაზრდები ხელმძღვანელობდნენ და დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა, ადმინისტრაციულად დამოუკიდებლები იყვნენ, თუმცა სულ უფრო ხშირად ხდებოდნენ მილიარდერის რეჟიმის სამიზნეები.
ეს ეხება ქართული წიგნის ცენტრს, რომლის მიერ ჩატარებული ღონისძიება – 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქვეყნის წარმატებული მონაწილეობა – ბოლო ათწლეულის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა, ასევე ეროვნულ კინოცენტრს, რომელმაც ქართული კინოხელოვნება (განსაკუთრებით დოკუმენტური) ააღორძინა, ასევე მწერალთა სახლს… კინოცენტრის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე, რომელიც გასულ წელს გოეთეს მედლით დაჯილდოვდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მათ ნაცვლად ხელმძღვანელებად დაინიშნნენ პარტიული კადრები – ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, ქეთი დუმბაძე, „ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის პარლამენტში, რომელმაც გასულ წელს ხმა მისცა „უცხოელი აგენტების“ კანონს და ამის გამო, ჯილდოს სახით, მწერალთა სახლის დირექტორობა მიიღო.


ბევრი მხატვარი და მეცნიერი ამჟამად დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებს და ორგანიზაციებს ქმნიან და ბოიკოტს უცხადებენ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აკონტროლებს.


ტალანტს და ნიჭს რეჟიმისადმი ერთგულება ანაცვლებს


ის რაც ქართული კულტურის სცენაზე ხდება, მთლიანად ასახავს საქართველოს მდგომარეობას. რეალობა ცხადყოფს, რომ თუ ქართული კულტურის დაწესებულებები დამოუკიდებელნი იქნებიან, მაშინ საქართველო ამ სფეროში დიდ წარმატებებს აღწევს – პროფესიონალიზმის, ღირსეული კონკურენციისა და ღია დისკუსიის პირობებში. სამწუხაროდ, დღეს ქართული კულტურის დაწესებულებები პოლიტიკურად კონტროლდება, რეჟიმი მათ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებად იყენებს და მთავრობის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენისათვის ჯილდოვდებიან. მათ არ შეუძლიათ რაიმე ახლის შეთავაზება მხატვრული შემოქმედების თვალსაზრისით. ტალანტებისა და პროფესიონალების ჩანაცვლება რეჟიმის ერთგული ადამიანებით ხდება.


სამოქალაქო საზოგადოების, სიტყვისა და ხელოვნების თავისუფლების შეზღუდვა-ლიკვიდაცია ბიძინა ივანიშვილს იმისთვის ჭირდება, რომ მისი უცნაური მსოფლმხედველობა არავინ არ გააკრიტიკოს.


ნაციონალისტური და ანტიკოლონიური ლოზუნგები


თავისი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, ოლიგარქი ლაპარაკობდა „გლობალურ ომის პარტიაზე“ – ასე უწოდებს იგი დასავლეთს – რომელსაც, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, საქართველოში რევოლუციის მოხდენა და დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის წართმევა სურს. ისევე როგორც რუსეთში ხდება, საქართველოშიც ბიძინა ივანიშვილი მიზნის მისაღწევად იყენებს ნაციონალისტურ, კონსერვატიულ და ანტიკოლონიური ლოზუნგების პარადოქსულ ნარევს. იგი ლაპარაკობს საქართველოს სუვერენიტეტზე და ერის ღირსებაზე, რომლის შეზღუდვასაც თურმე დასავლეთი ცდილობს, საუბრობს კონსერვატიულ ქართულ ოჯახურ ფასეულობებზე, რომელსაც, მისი აზრით, დასავლეთისაგან თავსმოხვეული გენდერული იმიჯი ემუქრება, ხაზს უსვამს დასავლეთის კოლონიური გავლენის ინსტრუმენტების – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანტიეროვნულ მოქმედებას, რომლებიც, ოლიგარქის რწმენით, უცხოური სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.


მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ამგვარი მომწამლავი იდეოლოგიური ნარევი საზოგადოების მხარდაჭერით კი არ სარგებლობს, არამედ მხოლოდ მისი ხელისუფლების უზრუნველყოფას ემსახურება. ჯერ კიდევ კანონპროექტის მესამე მოსმენამდე რეჟიმმა ქართული სამოქალაქო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებზე სატელეფონო თავდასხმები განახორციელა – ისევე როგორც ამას ბანდიტური დაჯგუფებები ახორციელებენ: დაშინებით, დაკავებით, შანტაჟით. რეპერტუარი რეჟიმს საკმაოდ ფართო აქვს.


ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ შესაფერისი დრო შეარჩია თავისი ხელისუფლების საბოლოო განმტკიცებისათვის, მაგრამ მან გათვლებში შეცდომა დაუშვა. კანონპროექტის მიღებამ სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ ათეულ ათასობით ადამიანი ქუჩაში საპროტესტო აქციებით გამოვიდა – თბილისში და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებში. იმიტომ, რომ ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მიუღებელია როგორც ოლიგარქიული რეჟიმი, ასევე „ახალი რუსული რკინის ფარდისაკენ“ დაბრუნება.


ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროტესტები


მასობრივი საპროტესტო აქციების ინიცირება მოხდა არა იმდენად ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რამდენადაც ქართველი ახალგაზრდების მხრიდან, რომლებიც ბოლო დრომდე აპოლიტიკურად ითვლებოდნენ. სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები თავიანთი მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. მათი პროტესტი მშვიდობიან და შემოქმედებით ხასიათს ატარებს – ყოველი დემონსტრაცია და მიტინგი საქართველოს დიდი ქალაქების სცენაზე პერფორმანსის სახით არის წარმოდგენილი.


ახალგაზრდები აქციებს უკვე ერთი თვეა ატარებენ – მონაწილეთა რაოდენობის თვალსაზრისით სხვადასხვა ციფრები არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან ასეთი ხალხმრავალი დემონსტრაციები არ მომხდარა. მრავალი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გაფიცულები არიან. დღეს ქუჩაში გამოდიან არამარტო პოლიტიკური, არამედ ინტელექტუალური და არტისტული ელიტები. სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ხმები საერთო-სახალხო გაფიცვის მოწყობის მიზნით. ის, რაც დღეს საქართველოს დიდი ქალაქების ქუჩებში ხდება, ბევრი ექსპერტი „ერის ნების გამოღვიძებას“ უწოდებს


რამდენიმე დღის წინ, როცა ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი მსოფლიოში ცნობილ მევიოლინესთან – ლიზა ბათიაშვილთან ერთად იყო საქართველოში ისტორიულ გასტროლებზე, თბილისის ოპერის თეატრის შენობაზე ევროკავშირის დროშა ფრიალებდა. ევროკავშირი საქართველოსთვის უპირველესად [ევროპული] პოლიტიკური კულტურის ზიარებას და გათავისებას ნიშნავს – კულტურისა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება 70-წლიანი საბჭოთა და 30-წლიანი პოსტსაბჭოური პერიოდის კულტურისაგან.


ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ერთმანეთისაგან განასხვავებდა ქრონოლოგიურ და ისტორიულ დროებს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე 30 წელი გავიდა ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ქართული საზოგადოება, ისევე როგორც უკრაინული, მოლდოვური და ბელარუსული, დღეს ახალი [საზოგადოებრივი] საფუძვლებისათვის იბრძვის: სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, სოციალური სამართლიანობისთვის და მოსახლეობის პოლიტიკური ხელისუფლების აღდგენისათვის. ეს ბრძოლა მიმდინარეობს იმ პირობებში, რომელიც სიმბოლურად არის გამოსახული ევროკავშირის დროშით.


წყარო