საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
კანონის მიღებას მხარი დაუჭირა 138-მა დეპუტატმა, ხოლო 10 იყო წინააღმდეგი.
დღეს მიღებული კანონი ძალაში 2025 წლის პირველ ივლისს შევა.
უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი საფრანგეთში უცხოური ინტერესების წარმომადგენლებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ ეროვნულ რეესტრში. ის აძლიერებს ჩარევის ოპერაციების მონიტორინგს, სადაზვერვო სამსახურებს საშუალებას აძლევს, საეჭვო ონლაინაქტივობები ალგორითმული მონიტორინგის საშუალებით შეამოწმონ. ეს ინსტრუმენტი მხოლოდ ტერორიზმის პრევენციისთვის არის ავტორიზებული.
კანონი ითვალისწინებს უცხოური ჩარევის შემთხვევაში კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის აქტივების გაყინვას. უცხოური ინსტიტუტები, რომლებიც პოტენციურ სპონსორებად ჩაითვლებიან, არიან სახელმწიფოები, პოლიტიკური პარტიები ევროკავშირის გარეთ.
კანონის საბოლოოდ დამტკიცებულ ტექსტში შენარჩუნებულია სენატის იურიდიული კომიტეტის მიერ შეტანილი რამდენიმე შესწორება. კერძოდ, ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას საკუთრებაზე ან პირებზე თავდასხმისთვის, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია „უცხოური სუბიექტის ინტერესების მსახურების მიზნით“. დანაშაულებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, ისჯება სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, სასჯელი ექვს წლამდე გაიზრდება. ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთით დასჯილი დანაშაულის ჩამდენს კი უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კანონის საბოლოო ტექსტში ასევე შენარჩუნდა სენატში, საჯარო სესიაზე დებატების დროს მიღებული რამდენიმე ცვლილება. გავლენის ოპერაციების პოტენციური სამიზნეების სია, რომელშიც შედიან, მაგალითად, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის წევრები და ყოფილი წევრები, გავრცელდა ევროპული არჩევნების კანდიდატებზეც.
რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება ამოქმედდება არა უგვიანეს 2025 წლის დეკემბრისა.
კანონი მთავრობას ავალდებულებს, პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში საფრთხეების მდგომარეობის შესახებ, მაშინ როდესაც თავდაპირველად ანგარიშის წარდგენა ყოველ ორ წელიწადში იყო გათვალისწინებული. ასევე შენარჩუნდა შესწორება, რომელიც საფრანგეთში უცხოური ინვესტიციების კონტროლის შესახებ ყოველწლიური დებატების მოწყობის საშუალებას იძლევა.
კანონის მიზანია, დადგინდნენ უცხოური ინტერესების წარმომადგენლები, რომლებიც საფრანგეთში ლობისტურ საქმიანობას ეწევიან, და დარეგისტრირდნენ ეროვნულ რეესტრში.
კანონით გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი სანქციები. ასევე, კანონი ითვალისწინებს ჩარევის საქმიანობით დაკავებული პირების, კომპანიების ან სუბიექტების ფინანსური აქტივების გაყინვის შესაძლებლობას. ამ რეესტრის მართვას განახორციელებს „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო“.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის მიღებას საფუძვლად დაედო საფრანგეთის დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია საფრანგეთში უცხოური ჩარევის რისკები და მათი აცილების გზები. 2022-2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საფრანგეთის შიდა საქმეებში საგარეო ჩარევა სულ უფრო ხშირია და ეს ყველა სფეროს ეხება.