საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა იმიგრაციულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს იმ უცხოელების დეპორტაციის დაჩქარებას, რომლებმაც საფრანგეთის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინეს. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სენატმა დაამტკიცა, ასევე მოიცავს ზომებს ზოგიერთ სფეროში უსაბუთო მუშების ლეგალიზებისთვის. წარდგენილ კანონპროექტს 270-მა დეპუტატმა მისცა ხმა 265-ის წინააღმდეგ.
პარლამენტის ქვედა პალატაში კანონპროექტის ჩაგდების გამო საფრანგეთის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა ემანულ მაკრონმა ის არ დააკმაყოფილა.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ეროვნულ ასამბლეაში კანონპროექტის ჩავარდნა არის მარცხი მთავრობისთვის, რომელიც ერთ წელზე მეტი მუშაობდა მის შემუშავებაზე.
„რა თქმა უნდა, ეს არის მარცხი, რადგან მე მსურდა, მიმეცა პოლიციის ოფიცრებისთვის, ჟანდარმებისთვის და მოსამართლეებისთვის ინსტრუმენტები უკანონო იმიგრაციის დასამარცხებლად“, – განაცხადა დარმანინმა.
ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი წინადადების წარდგენა შესთავაზა.
ემანუელ მაკრონი, რომელმაც გასული წლის არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა, საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივის დასამტკიცებლად ოპოზიციურ კონსერვატიულ რესპუბლიკურ პარტიასთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა მრავალი კონსერვატორი დეპუტატი უფრო მეტად მკაცრ საიმიგრაციო კანონმდებლობას ითხოვს.
ახლა ჩიხიდან გამოსასვლელად მთავრობას შეუძლია, საიმიგრაციო კანონპროექტი უკან სენატში დააბრუნოს კომპრომისულ ვარიანტზე შესათანხმებლად. ამასთან, მთავრობას ასევე შეუძლია, გამოიყენოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სადავო გზა და საკანონმდებლო ინიციატივა კენჭისყრის გარეშე დაამტკიცოს.