“საპენსიო რეფორმები ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა” – არჩილ თალაკვაძე

34
spot_img

პირველ რიგში, გვინდა, იმ წლებისთვის, იმ შრომისთვის, იმ ღვაწლისთვის მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს იღებს პენსიას. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩვენთვის გადმოეცათ ეს ქვეყანა ისე, როგორც მათ შეძლეს. დღეს ჩვენ მათ საქმეს ვაგრძელებთ და ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, დაცულია უსაფრთხოება, გვაქვს ეკონომიკური ზრდა და საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საპენსიო სესხებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება საპენსიო ფონდის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ბოლო 11 წლის განმავლობაში ბევრი საქმე გაკეთდა ქვეყანაში, დაბრუნდა ადამიანის უფლებების პატივისცემა, ევროპული პერსპექტივა, განახლდა ინფრასტრუქტურა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დღეს ბევრად უფრო ევროპულია. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და საპენსიო რეფორმები ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. ოპოზიციიდან დღეს არავინ არ ახსენა ის, რომ ჩვენ საპენსიო ფონდი შევქმენით. ფონდი ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ მომავალში, უკვე ევროპული მოდელით და შრომის მოცულობის შემოსავლებზე დაფუძნებით, უფრო სამართლიანი და ეფექტური საპენსიო პოლიტიკა აწარმოოს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ პენსიონერი მოსახლეობის ხმებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, რაც საზოგადოების სიცრუეში შეყვანას ემსახურება.

„პენსიების საკითხი წინასაარჩევნოდ კი არ გაგვახსენდა, პირიქით, ჩვენ ჩავხსენით საარჩევნო ვაჭრობებიდან პენსიების თემა. პენსიონერების ხმებით ვინმეს რომ არ ევაჭრა, ზუსტად ამიტომ, ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ კანონში შევიტანეთ ცვლილებები, რომლითაც პენსია პირდაპირ დაუკავშირდა და მიება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

ძვირფასო პენსიონერებო, ძვირფასო თანამოქალაქეებო, თქვენ დღეს ოპოზიციის დაპირება და არცერთი წინასაარჩევნო დაპირება აღარ გჭირდებათ, რომ თქვენი პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება. ეს უკვე კანონით არის გარანტირებული. ვინც არ უნდა დაგპირდეთ და რასაც არ უნდა დაგპირდეთ, მისთვის ხმის მიცემა თქვენ აღარ გჭირდებათ. ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და ეს თემა საერთოდ გამოვიტანეთ პოლიტიკური ვაჭრობის სივრციდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საზოგადოებას წინა ხელისუფლების დროს არსებული საპენსიო სესხების განაკვეთიც შეახსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდა და დღეს 26% შეადგენს.

„რაც შეეხება ისტორიას, რამეს ხომ უნდა შევადაროთ, დღეს რა გვაქვს და ადრე რა იყო. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების პერიოდში საპენსიო სესხზე, ანუ პენსიონერებისთვის გაცემულ სესხზე განაკვეთი 100-დან 200%-მდე მერყეობდა. 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება, ცოტა ხანში ბანკებმა 80%-მდე დაწიეს ეს ციფრი, შემდგომ – 53%-მდე, შემდეგ წლებში 42%-ზე ჩამოვიდა, შემდგომ 33%-მდე შემცირდა და შემდეგ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ 26% გახლავთ ახლა საპენსიო სესხების განაკვეთი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ასევე პოპულიზმია იმაზე საუბარი, თითქოს სხვა ბანკებს საპენსიო მომსახურების გაწევის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„აქაც პოპულიზმს და ხალხის მოტყუებას უნდა დაანებოთ თავი, რომ თითქოს სხვა ბანკებს ძალიან უნდათ, საპენსიო პორტფელი ჰქონდეთ და ჩვენ მხოლოდ ერთ ბანკს ვაძლევთ ამის საშუალებას. ეს არის მტკნარი სიცრუე. ნებისმიერ ბანკს შეუძლია, საპენსიო პროდუქტით ამ ბაზარზე შემოვიდეს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. როგორც ჩანს, არ არის ეს მათი კომერციული ინტერესის საგანი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.