ეს ადამიანი პენსიაზე გადის და მასთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებაზე, რომ კობახიძემ ძალადობის წახალისების თაობაზე ბრალდებების დროს უნდა დაასახელოს, ვის გულისხმობს.
ამასთან, კითხვაზე, რატომ არ იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, კობახიძემ განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ დეპუტატებს, რომელთაც ჯერ მოსაწვევი მიიღეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ ღონისძიებაზე არ მისულიყვნენ.
„პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც კი მაღალი თანამდებობის პირია, არცერთი მივედით, ამას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა – ჩვენ მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ დეპუტატების მიმართ, რომელთაც გამოუგზავნეს მოსაწვევი, შემდეგ კი უთხრეს, რომ ჯობდა, არ მისულიყვნენ. მე არ დავაკონკრეტებ. ასეთი იყო სამი ადამიანი, ვისაც ჩვენი ინფორმაციით, შეცდომით გამოუგზავნეს მოწვევა და შემდეგ უთხრეს, რომ არ მისულიყვნენ. ეს რბილად რომ ვთქვათ, არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთ დროს, ჩვენი მხრიდან ვალდებულება იყო, რომ სოლიდარობა გამოგვეხატა. ეს არის და ეს. პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ, როდესაც კონკრეტული ჩინოსნების გამო უხეში შეცდომების დაშვება ხდება, რეაგირება გვჭირდება. მომავალ წელს რომ გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა მიწვეული დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს, ასეთი უხეში შეცდომა იყო და ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება ჰქონდა. დეპუტატები იყვნენ, მაგრამ რამდენიმე ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობიდან მისული არ იყო სოლიდარობის ნიშნად. გვქონდა კონსულტაცია და დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, აქედან გამომდინარე, საელჩოში დეპუტატების მისვლა ამის გამოხატულება იყო“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ძალადობა მიუღებელია და თუ კობახიძე ბრალდებებზე საუბარს აპირებს, „უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს“. დეგნანის შეფასება ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას მოჰყვა, როდესაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ „კონკრეტულმა ელჩმა ძალადობა წაახალისა“.