“სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1795 შემთხვევა”

25
spot_img

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, ფინანსთა სამინისტროს და კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის ნაწილში 2023 წელს ხორციელდებოდა და 2024 წელს კვლავაც აქტიურად გაგრძელდება პარტნიორი ქვეყნების მიერ აღიარებული, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარე მკაცრი მონიტორინგი და სანქციებისგან თავის არიდების მიზნით საქართველოს ტერიტორიის გამოყენების აღკვეთისკენ მიმართული საქმიანობა.

„საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციების დარღვევის შემთხვევები. საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქონლის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას. სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1795 შემთხვევა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 1050-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებასა და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას.

„ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე. სანქციების აღსრულების მხარდაჭერის მიზნით, თითოეულ საეჭვო ტრანზაქციასთან მიმართებით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან და კომპეტენტურ უწყებებთან, ევროკომისიის DG TAXUD-თან, ევროკავშირის კრიზისების მართვის გუნდთან და უშუალოდ პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან. საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მუდმივად ავრცელებს ოფიციალურ განცხადებებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.