“სანქცია პოლიტიკურ დემარშს ჰგავს და “ანტიდასავლური” განწყობების საპასუხო გადაწყვეტილებად გამოიყურება”- აკაკი კაიკაციშვილი

117
spot_img

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების”ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის მიხეილ ჩინჩალაჩის, ლევან მურუსიძის, ვალერიან ცერცვაძისა და ირაკლი შენგელიას დასანქცირების ფაქტს სსოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

“სანქცია პოლიტიკურ დემარშს ჰგავს და „ანტიდასავლური“ განწყობების საპასუხო გადაწყვეტილებად გამოიყურება – ანუ მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის მხრიდან ჩვენი 4 მოსამართლის მიმართ დადგენილი სანქცია პოლიტიკურ დემარშს ჰგავს და „ანტიდასავლური“ განწყობების საპასუხო გადაწყვეტილებად გამოიყურება, ეს კი ქართული „ლობისტური ჯგუფების კარგი მუშაობის“ შედეგია. ამის მიუხედავად, საზოგადოებამ მიღებულ გადაწყვეტილებას უფრო ფართო ანალიზის საფუძველზე უნდა შეხედოს და გააკეთოს თავისი დასკვნები, ვიდრე საკითხის მიმართ ისედაც დაინტერესებული სუბიექტების გამონათქვამებით და კმაყოფილი შეძახილებით. რა თქმა უნდა, აშშ-ის გადაწყვეტილებას აქვს ქართულ სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მიზანი. ერთის მხრივ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა პროცესები მიდის სასამართლო სისტემაში, მეორეს მხრივ საჭიროა მიღებული გადაწყვეტილების გამო არგუმენტები, ფაქტები და კონკრეტიკა.

სუვერენული ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობის კონტექსტში, ეს მით უფრო აუცილებელი ხდება. ერთი შეხედვით ასე გამოიყურება, რომ ხელისუფლებას უარი აქვს ნათქვამი აშშ-ისთვის, როგორც პარტნიორი ქვეყნისთვის სასამართლო სისტემის „გადაცემისთვის“, რამაც სისტემაში შეუქცევად პროცესებსაც მისცა საფუძველი – 25-ზე მეტი მოსამართლე, დღეს აღარ იზიარებს სასამართლოს მმართველი რგოლის პოლიტიკას და სასამართლოს გაჯანსაღების სახელით, სასამართლო ხელისუფლებაში მმართველობითი ძალაუფლების გადანაწილების მოლოდინშია. ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ხელისუფლება შეიცვლება ან სტრატეგიული პარტნიორების მოთხოვნებს მთავრობა, თუ კრიტიკული დღის წესრიგი შეიქმნება – დასთანხმდეს. ჯერ რთულია იმის თქმა, რომ ასე მოხდება, მაგრამ ადვილად მოსალოდნელია, მოვლენები ამ კუთხითაც შეიცვალოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამდე 8 თვით ადრე, ქვეყნის სასამართლო სისტემაში არამხოლოდ მმართველობითი რგოლის წამომადგენლების, არამედ მოქმედი მოსამართლეების კორუმპირებულებად გამოცხადება, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის, მნიშვნელოვანი შეფერხება იქნება. მით უფრო, ევროკავშირის რეკომენდაციის 12-პუნქტიან გეგმაში ცალკე ადგილი ეთმობა  გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ელიტური კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებს, რასაც ნაკლებად მოსალოდნელია ახლადშექმნილი ანტიკორუფციული სააგენტო საერთოდ გაუმკლავდეს.

ამდენად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ან აშშ-ის ელჩმა საქართველოში, დამატებით უნდა განმარტონ და წარმოადგინონ კონკრეტული ფაქტები, თუ რაში გამოიხატება დასანქცირებული მოსამართლეების (ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი) მხრიდან თანამდებობების ბოროტად გამოყენება. ეს  ზიანი მართლაც მატერიალური ხასიათისაა თუ რეპუტაციული. რა კორუფციაზეა საუბარი?! ვფიქრობ, საკითხი დასახელებულ პირთა ვინაობებში აღარ არის. საუბარია ქვეყანასთან მიმართებით სისტემურ ბრალდებაზე და მასთან მიმართებით, სრულიად უმნიშვნელოა სამომავლო პერსპექტივა – მურუსიძე, ჩინჩალაძე, შენგელია თუ ცერცვაძე (რომელიც, როგორც ვიცი, აღარ საქმიანობს სასამართლო სისტემაში საერთოდ), ოჯახის წევრებთან ერთად, გაემგზავრებიან თუ არა აშშ-ში.
მინდა ძალიან ფრთხილი მოსაზრებაც გამოვთქვა მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტზე – რამდენად გასაგები, განჭვრეტადი და მკაფიოა დღევანდელი გადაწყვეტილება საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილისთვის, რომელიც არც სოციალურ ქსელში ჩანს და აქტიურობს, არც პარტიული სტატუსი აქვს და არც მესამე სექტორის წარმომადგენელია და მოვლენებს აფასებს იმ გონიერი დამკვირვებლის პოზიციიდან, ვისთვისაც ორმაგი სტანდარტებით მიდგომები ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი ჰგონია. საზოგადოების ეს ნაწილი ჩათვლის, რომ სტრატეგიული პარტნიორის მოქმედებები არც ახლა გამოხატავს ობიექტურ დამოკიდებულებას, ისევე, როგორც სავსებით სამართლიანად ფიქრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ საქართველოს დაუმსახურებლად არ მისცეს ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. თუ სტატუსის მიღება ვერ მოხდა (რაც ნამდვილად საშინელი შედეგი იქნება), რა წვლილი იქნება დღევანდელი გადაწყვეტილების მასში. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რამდენად სწორად იქნა შერჩეული დრო გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის, იმის მიუხედავად, რამდენად დასაბუთებულია იგი სამართლებრივად.
და ბოლოს, საინტერესოა, მილიონები, რომელიც ქართული სასამართლოს გაჯანსაღებისთვის სწორედ აშშ-მა გადაიხადა (რის გამოც, დიდი მადლობა მათ!), დღევანდელი პოზიციით, ქართული სასამართლოს კორუმპირებულობით სრულდება?! 2012 წლამდე ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ ფაქტებზე და სისტემურ დანაშაულებებზე, რომლის ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ სასამართლო სისტემა იყო, რატომ არ იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები, თუ ჩინჩალაძე, მურუსიძე, შენგელია და ცერცვაძე მაშინ ამერიკელების მოკავშირეები იყვნენ მაშინდელი მთავრობის მოკავშირეობის შემდეგ. ან 2012 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის მე-13 წელს, ოთხი სასამართლო რეფორმის ტალღისა და მიღწეული შედეგების ფონზე, რატომ იქნა ქვეყნის იმიჯზე ასე ხელაღებით დარტყმა მოტივირებული? შესაბამისად, გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულს უფრო ჰგავს და მისი მიზანია პოლიტიკური მოთხოვნების გაცვლის საკითხი.

რაც შეეხება კორუფციას სასამართლოში – სავარაუდოდ, არსებობს, მაგრამ კორუფცია არ ნიშნავს მხოლოდ თანხის სანაცვლოდ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაგალითად, ჩემთვის კორუმპირებულია ყველა ის მოსამართლე, რომელიც კანონის უზენაესობას ამოფარებული თუნდაც ადვოკატი (იურისტი) ოჯახის წევრის თხოვნით იღებს უკანონო გადაწყვეტილებას. კორუმპირებულია მოსამართლე, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებას შეგნებულად იღებს, ვიანიდან პიროვნული შეუთავსებლობა აქვს მხარის ადვოკატთან. კორუმპირებულია მოსამართლე, რომელიც თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, დავის საგანთან მიმართებით, მისი პერსონალური დამოკიდებულების გამო არ იღებს კანონიერ გადაწყვეტილებას.

ჩვენ, პრაქტიკოსს ადვოკატებს, გაგვაჩნია მეტი ინფორმაცია ასეთ შემთხვევებზე და ასეთი ფაქტების პირობებშიც კი, შეუძლებელია არ იქნეს ხმამაღლა ნათქვამი, რომ დღევანდელი სასამართლო გაცილებით თავისუფალია, ვიდრე 2012 წლამდე მართლმსაჯულება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ რეალურად უნდა ვებრძოლოთ სასამართლოში კორუფციას და თითოეული – შერჩევითი მართლმსაჯულების პირობებში მოვითხოვოთ რეაგირება.” – წერს არჩილ კაიკაციშვილი.