ძალიან დიდი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. ფაქტობრივად ტრაგედიის პირველივე წუთებიდან, 22 საათის განმავლობაში შსს-ს სამაშველო სამსახური საძიებო სამუშაოებში ჩართულია და ამ წუთამდე შეუჩერებლად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ამ წუთისთვის ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი. რჩება 1 ადამიანი, რომელიც ჯერჯერობით არა რის ნაპოვნი. სამუშაოები გაგრძელდება მანამ სანამ, ამ ქალბატონს არ ვიპოვით. დილიდან ადგილზე გეოლოგების ჯგუფი მუშაობდა, შეისწავლეს ტერიტორია. საჭიროა კიდევ დეტალურად შესწავლა, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები შვიდივე ოჯახი თავიანთი სახლებიდან გავიყვანოთ. ნაწილი ნათესავებთან დაბინავდა, ნაწილის დაბინავებაზე კი სახელმწიფომ იზრუნა. მანამ სანამ არ გვექნება 100%-იანი გარანტია, რომ აქ მეწყრის გარემოების საშიშროება არ არის, ადამიანებს აქ არ დავაბრუნებთ. თუკი მინიმალური მაინც იქნება დაშვება, რომ აქ სიცოცხლისთვის საშიში მოვლენები განვითარდეს, თავისთავად ამ ადამიანებს უკვე ახალ საცხოვრებელ ადგილს მოვუძებნით.
სამწუხაროდ ასეთ ტიპის ტრაგედიები ტრადიციად ექცათ გარკვეულ ოპოზიციურ არხებს, რომ გარკვეული სპეკულაციებისთვის გამოიყენონ. არ შეიძლება ადამიანების ტრაგედიით ასე თამაში. გამორიცხულია ის, რომ აქ ვინმეს წინასწარ განესაზღვრა იყო თუ არა საფრთხე მეწყრული პროცესის განვითარების. ათეულობით წლებია აქ ადამიანები ცხოვრობენ და ერთი ბზარიც კი არ გაჩენილა იმ მთაზე საიდანაც ეს მასა ჩამოიშალა. ბოლო ორი დღის განმავლობაში იმერეთის რეგიონში გადაუღებლად წვიმდა. ამ წუთისთვის 900-ზე მეტი კერძო სახლია დაზიანებული, დაზიანებულია კორპუსები, სკოლები, ბაღები. არის 100-მდე სოფელი, სადაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ“, – განაცხადა შალამბერიძემ.