,,სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არის გარკვეული დიფერენციაცია ძალადობების მიმართ” – პაპუაშვილი

129
spot_img

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ დაგმობა, არამედ რეაგირება და მოძალადეების დასჯა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალადობის რამდენიმე შემთხვევა იყო და ყველა შემთხვევაში მოძალადე გამოვლენილია.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ დაგმობასთან ერთად უნდა უზრუნველყოს გამოვლენა და დასჯა. მეორე ნაწილი არის ისინი, რომლებიც არ არიან ხელისუფლებაში, იქნება ეს ოპოზიცია, საერთაშორისო აქტორები, არასამთავრობოები – მათ კი, რაც მოეთხოვებათ, მინიმუმ დაგმობა მაინც. აქ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არის გარკვეული დიფერენციაცია ძალადობების მიმართ – არსებობს მისაღები და მიუღებელი ძალადობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია და ნებისმიერი მოძალადე უნდა დაისაჯოს. როდესაც არის ძალადობა, რომელსაც ისინი შინაარსობრივად ამართლებენ, მაშინ ამ ძალადობას არ გმობენ. 7-8 მარტის მოვლენების დროს, როდესაც პარლამენტს ცეცხლს უკიდებდნენ, პოლიციელს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილით“, მე არ მახსოვს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, ზოგიერთ საერთაშორისო აქტორსა და არასამთავრობოებს დაეგმოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალის“ გამართვა იყო დაანონსებული, ღონისძიების მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, პოლიციასა და პრაიდ ფესტივალის გამართვის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.