სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვისმინე გამიჯვნა „ჯემნიუსის“ ჟურნალისტის იმ ქმედებისგან, რომელიც 84 ტყვიით გვემუქრებოდა – შალვა პაპუაშვილი

18
spot_img

სამწუხაროდ, დღემდე მე ვერ მოვისმინე გამიჯვნა „ჯემნიუსის“ ჟურნალისტის იმ ქმედებისგან, რომელიც 84 ტყვიით გვემუქრებოდა, პირადად მეც, კეფაში და რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირისგან, სავარაუდოდ, დღესაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „ჯემნიუსის“ ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ გრძელდება ბულინგი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების და მათი მხარდაჭერების მიმართ. ირაკლი ზარქუას დახვდნენ გუშინ და როგორც აღმოჩნდა, აქტივისტი, რომელიც ირაკლი ზარქუას დახვდა, ფულს იღებს არასამთავრობო ორგანიზაციიდან.

„არ ვიცი ეს ქალბატონი ფულს იღებს თუ არა. ერთი რამ ვიცი, ეს ქალბატონი ჩვენ ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როდესაც მან საკუთარ შვილსაც გადააბიჯა მაშინ. ჩვენ გვყავდა სტუმრად შშმ ბავშვები და მან გამოიყენა იმისთვის, რომ შემოპარულიყო და პოლიტიკური განცხადებები ეკეთებინა დარბაზში, რაც აჩვენებს სად არის ღირებულებითი შკალიდან გამომდინარე ეს ქალბატონი. ერთი რამ ჩანს, რომ მათ შორის მედიის მხრიდანაა წახალისებული კამპანია. ისეა მიწოდებული ინფორმაცია, თითქოს ეს არის გულანთებული და აღშფოთებული მოქალაქე. სინამდვილეში ხომ ხედავთ, რომ ამ გულანთებული მოქალაქის უკან იმალება „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ გულჩათხრობილი აქტივისტი, რომელსაც უბრალოდ საკუთარი ბოღმა, ზიზღი უნდა, რომ პროეცირება მოახდინოს სხვა ადამიანებზე. სხვას ამ ქცევას ვერაფერს დავარქმევ. ყველა შემთხვევის უკან, რაც იყო, გამონაკლისის გარეშე, იდგნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომლებიც მოქმედებდნენ ისე, როგორც სულ მოქმედებენ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ადამიანი ღირებულებას არ წარმოადგენს. ის დაფუძნებული იყო ტერორზე და ეს ტერორის კამპანია, რომელსაც ვხედავთ, არის ძალიან სამწუხარო.

ვხედავთ იმას, რომ ამ კამპანიის ზოგიერთი აქტორი დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან. სამწუხაროდ, დღემდე მე ვერ მოვისმინე გამიჯვნა „ჯემნიუსის“ ჟურნალისტის იმ ქმედებისგან, რომელიც 84 ტყვიით გვემუქრებოდა, პირადად მეც, კეფაში და რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირისგან, სავარაუდოდ, დღესაც. ეს არის ტერორის კამპანია, რომელშიც მონაწილეობენ მათ შორის ევროკავშირისგან დაფინანსებული ადამიანები. რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის დედაქალაქში საქართველოს მთავრობის მხრიდან ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანი, იქაური პარლამენტის წევრს რომ დაემუქროს კეფაში ტყვიით, რა მოხდებოდა იმავე წამს იმ ადამიანის მიმართ, ან იმ ორგანიზაციის მიმართ, საიდანაც დაფინანსებას მიიღებდა და იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც აფინანსებს ადამიანს, რომელიც კეფაში ტყვიით ემუქრება ადამიანებს. ამ საკითხს მე კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, მანამ, სანამ არ მოვისმენ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან გამიჯვნას. ერთადერთი, რასაც მედიით მივადევნე თვალი, ამ საკითხს გამოეხმაურა ბრიტანეთის საელჩო და მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რომ მათთვის ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. თუმცა როგორც ვიცით, ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამიტომ ევროკავშირს ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს ეს განცხადება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.