“სამწუხაროა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება 2008 წლის ომი და ათვლას იწყებს უკრაინის ომიდან გამომდინარე”-მდინარაძე

178
spot_img

რატომ ავიწყდება ყველას, მათ შორის ჩვენს მეგობრებს, რომ 2019 წლის შემდეგ კი არ შეცვლილა სიტუაცია, 2008 წელს იყო ამ ქვეყანაში ომი და ამ ომის შემდეგ ბევრი რამ მოხდა,  მანამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? ეს გადავშალეთ და თეთრი ფურცლიდან ვიწყებთ ურთიერთობას უკრაინის ომის გამო? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანის განცხადებაზე, რომელმაც განაცხადა: „ახლა და 2019 წელს შორის განსხვავება ისაა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე საჩუქარს იმ ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია“.

მამუკა მდინარაძის თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საქართველოში რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა.

„ყველას ავიწყდება, რომ მათმა ბელადმა და ლიდერმა ცალმხრივად მოუხსნა სავიზო შეზღუდვები რუსებს. ამ შემთხვევაში საუბარია, რომ თურმე ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ჩვენს მოქალაქეებს. თუ სააკაშვილი უხსნიდა სანქციებს რუსებს, ეს თურმე პროევროპული ყოფილა და ჩვენ თუ საკუთარ მოქალაქეებს არ ვუწესებთ, ეს ყოფილა პრორუსული. ასეთი ლოგიკა აქვთ  ჩვენს ოპონენტებს. სამწუხაროა, რომ, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება 2008 წლის ომი და ისიც ათვლას იწყებს უკრაინის ომიდან გამომდინარე. სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ რუსებს მოუხსნა სანქციები, არის კარგი და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საკუთარ მოქალაქეებს არ დაუწესოს დე ფაქტო თუ დე იურე სანქციები, ეს არის ცუდი. ამ ლოგიკას ასაღებენ საზოგადოებას. ეს ლოგიკა არ გავა, ამ ანკესზე საზოგადოება არ წამოეგება“, – განაცხადა მდინარაძემ.