სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს-ირაკლი კობახიძე

75
spot_img

სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი, გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს. ყველას გახსოვთ, რომ ის, თავის დროზე, ჩართული იყო „ლელოს“ საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ წასულები, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ საარჩევნო ღონისძიებაში. გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. ძალიან სამწუხაროა, ის სპეკულირებს. ვნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა გერმანიის ელჩის ეს განცხადება გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, წარმოაჩინეს ისე, თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როცა ის საუბრობდა თუ არ ვცდები, ხუთი წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს და შემდეგ ის, რომ მედიასაშუალებები ამას იტაცებენ. ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიაში მომხდარი ძალადობის შემთხვევები დაგმო, რასთან დაკავშირებითაც 3 მაისს განაცხადა: „იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია და მათი ხმა უშეცდომოდ უნდა იქნას გაგებული“. შოლცის ეს განცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე გაავრცელა, თუმცა იქ მითითებული არ იყო, რომ კანცლერის ციტატა გერმანიას ეხებოდა.