საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – სამთავროს სამონასტრო კომპლექსის ფერისცვალების ტაძრის ფასადის კონსერვაციისა და წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის გვიან მოწყობილი სარინელის გადაწყობისა და წყალამრიდი სისტემის მოწყობის სამუშაოები დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები განხორციელდა პროექტის მიხედვით, რომელიც, კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) 2023 წლის მაისის დასკვნით სანიმუშოდ შეფასდა და ითქვა, რომ მოცემული მეთოდოლოგიისა და მიდგომის გამოყენება საქართველოს ქვის კონსერვატორებს სხვა ძეგლებზეც შეუძლიათ.
შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფოს რწმუნებული დავით ნოზაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ისტორიულ-არქიტექტურული კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია-კონსერვაციის სექციის თავმჯდომარე ტარიელ კიპაროიძე, არქიტექტორ-რესტავრატორები – მიშა გელაშვილი და ნიკო ზაზუნიშვილი, კედლის მხატვრობისა და ქვის კონსერვაციის სპეციალისტი სალომე ახალაშვილი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მეორე ნახევარში, მცხეთის სამთავროს მონასტრის ცოკოლის ქვისა და წმ. ნინოს ეკლესიის სანიაღვრო სისტემის მოსაწყობად საკონსერვაციო სამუშაოები ბოლო ათწლეულების განმავლობაში დეტალური გეგმის მიხედვით პირველად განხორციელდა.
კერძოდ, შესრულდა შემდეგი სამუშაოები: ფერისცვალების ტაძრის ჩრდილოეთი ფასადის გასწვრივ არსებული ბაზალტის სარინელის ფილები საძირკველში ნალექების ინფილტრაციის აღმოფხვრის მიზნით გადაეწყო მინაპლასტიკური ბადით არმირებულ ქვიშა-კირის ხსნარზე; სარინელის ქვებს შორის არსებული ნაკერები ამოიგოზა ჰიდროხსნარით; მოეწყო ბაზალტის ქვისგან წყალსაწრეტი არხი და შეუერთდა არსებულ სანიაღვრე არხს; განხორციელდა სამხრეთ-დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში საპირე წყობის ქვების უჟანგავი ლითონით ჩაანკერება და ცოკოლის ნაკლული წყობის ნაწილობრივ შევსება არსებული ქვის წყობის ხასიათისა და ტიპის ქვებით; წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ფასადებზე და ფერისცვალების ტაძრის ქვედა ნაწილებში ჩატარდა ბიოლოგიური დაზიანებების მკურნალობა. ასევე, შესრულდა არსებული მიკრობზარების კონსოლიდაცია და დაკარგული დუღაბის აღდგენა-ინექტირება; წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ფასადებიდან და ფერისცვალების ტაძრის ქვედა ნაწილებიდან მოიხსნა გვიანდელი ცემენტის ფენა და გაჩენილი სიცარიელეები ამოივსო კირის ხსნარით.
საყურადღებოა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2022 წელს მომზადდა შესაბამისი საკონსერვაციო პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) მიერ დადებითად შეფასდა. კერძოდ, ICOMOS-ის 2023 წლის მაისის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს პროექტი სანიმუშოა და მისი გამოყენება საქართველოს ქვის კონსერვატორებს სხვა ძეგლებზეც შეუძლიათ.
სამთავროს სამონასტრო კომპლექსში გასულ წლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაოები. ამ სამუშაოების ფარგლებში ტაძრის როგორც შიდა სივრცეში, ასევე გარეთ, ნიშნულებმა დაიწია, რის შემდეგაც საჭირო გახდა ახლად გამოვლენილი ტაძრის ქვედა ნაწილების კონსერვაცია. გარდა ამისა, საჭირო იყო ჩრდილოეთ კედელზე არსებული წყალსაწრეტი მილებიდან ჩამოსული წყლის ორგანიზება. რაც შეეხება წმინდა ნინოს პატარა ეკლესიას, აღმოსავლეთ ფასადის გასწვრივ ამორტიზებული იყო ახლად მოწყობილი ბაზალტის ფილების სარინელი, ხოლო ფასადებზე გვიანდელი ცემენტის ნალესობები ძეგლის იერსახეს ამახინჯებდა.
სააგენტოს მიერ კვლევითი/საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოიყო 222 903 ლარი.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – სამთავროს სამონასტრო კომპლექსი ქ. მცხეთის ცენტრში, სამთავროს ველის ფერდობზე მდებარეობს. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ფერისცვალების გუმბათიანი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო, კოშკი, ძველი სასახლისა და გალავნის ნაწილი, კელიები და სხვა გვიანდელი დამხმარე ნაგებობები.
ფერისცვალების ტაძარი XI საუკუნით თარიღდება, თუმცა თავდაპირველი ნაგებობის ქვედა ნაწილების ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. წმინდა ნინოს ეკლესია სამეცნიერო ლიტერატურაში IV-IX საუკუნეებით თარიღდება.
https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/posts/pfbid034mk4uTYiMcVChWcoYdBSSRLsJ1xBdbTpPZ7cbuHN8EwGEkDPFcRv36TPZgpqKGmkl?ref=embed_post