გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების მიმართულებით მიმდინარე პროცესები დეტალურად განმარტა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროსთან მიმდინარე აქცია ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
„შვიდსაათიანი შეხვედრა შედგა ამბროლაურში, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალურად განუმარტეს პროტესტის მონაწილეებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით და მოვუწოდეთ მათ, რომ ჩართულიყვნენ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებულ პროცესში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვხედავთ აქციას სამინისტროსთან, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი არავისთვის, მით უმეტეს ჩემთვის. ადამიანები სიცივეში ღამეს ათენებენ კარავში, როცა ამის არანაირი საჭიროება და აუცილებლობა არ არსებობს. ეს განვუცხადეთ არაერთხელ, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით მივაწოდეთ ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ. მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც დღეს პროცესის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც არის სამართლებრივი პროცესი და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ძალიან სწრაფად არაუგვიანეს თვის ბოლოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველანაირი წინაპირობა დღეს არის იმისი, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციას მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ მართავენ. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ 2022 წელს გაცემული ლიცენზიის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა.