“სამედიცინო დაწესებულება არ არის ავეჯის მაღაზია” – ვატო სურგულაძე

316
spot_img

ეს არის პოლიტიკური კანონი, როგორც საბავშვო ბაღებს, სკოლებს მართავენ, ასე უნდათ მართონ სამედიცინო დაწესებულებები, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონი უნდა იყოს არა სადამსჯელო, არამედ მხარდამჭერი.

“კანონი, რომელიც მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ გამოვასწოროთ ხარისხი, რომელიც არც ისე მაღალია ჩვენს სამედიცინო სფეროში, არ უნდა იყოს დამსჯელი, უნდა იყოს მხარდამჭერი.

სამინისტრო არ უნდა ზრუნავდეს იმაზე, მოდით, შევიდეთ, დავსაჯოთ, დავიჭიროთ, ამოცანა უნდა იყოს მხარდამჭერი კონტროლი – შევიდეთ, გამოვასწოროთ.

სამედიცინო დაწესებულება არ არის ავეჯის მაღაზია, თუ ის შეაჩერე, პაციენტი არ შემოვიდა, არ მიეცი თანხა, გაკოტრების წინაშე დადგება და ვინ აგებს პასუხს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულება იქნება სწორი, მერე რომ აღმოჩნდეს, რომ სწორი არ არის? “, – განაცხადა სურგულაძემ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.