“სამარცხვინოა, რაც სააკაშვილთან მყოფმა პოლონელმა ექიმებმა ჩაიდინეს” – გურამ მაჭარაშვილი

34
spot_img

სამარცხვინო საქციელია, რაც სააკაშვილთან მყოფმა პოლონელმა ექიმებმა ჩაიდინეს. ჯერ ამაზე აგონ პასუხი, ქართველ ხალხს პასუხი გასცენ და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომლითაც მან სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.

„მას შემდეგ, რაც პოლონეთმა სააკაშვილის ნაწილ-ნაწილ გატანა სცადა საპყრობილედან, ამ შემთხვევაში, საავადმყოფოდან, ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. სულ მცირე, ეს არაპარტნიორული და არამეგობრულია. ამიტომ ყველამ უნდა მიხედოს თავის თავს და თავის პრობლემებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არანაკლები აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროპაში. პარტნიორობაზე თუ არის საუბარი, სამარცხვინო საქციელია, რაც პოლონეთის ექიმებმა ჩაიდინეს. ჯერ ამაზე აგონ პასუხი, ქართველ ხალხს პასუხი გასცენ და შემდეგ გააკეთონ განცხადებები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რა მოლოდინები აქვს, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს, მაჭარაშვილმა აღნიშნა:

„ვერაფერს გეტყვით, რას ველოდები ზურაბიშვილისგან, რადგან იმდენად არაადეკვატურია, დილით რომ გაიღვიძებს, მგონი, თვითონ არ იცის, დღის განმავლობაში რას გააკეთებს. ამიტომ მისი არაადეკვატურობიდან გამომდინარე, არ ვიცით, რას გააკეთებს, მაგრამ მთავარი პრევენცია ქართულმა საზოგადოებამ და მართლმსაჯულებამ გამოიტანა – რეალურად, ის აღარ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ახლა მასზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს და რას – არა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2023 წლის 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.