სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ვფიქრობ, რომ ადეკვატურია და სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, როცა ადამიანი ატარებს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია და შეწყალებაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუ არ ამბობს რომ ვინმეს იწყალებს.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის საჭირო ფაქტორების მიხედვით უნდა მიიღოს.
„სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ადეკვატურია და სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, როცა ადამიანი ატარებს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას. ამიტომ, თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება, მივესალმები, ნორმალურია. ზოგადად ხდება ხოლმე პოლიტიკაში ასე, ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ამისა, ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა. მანაც არა პირადი შეხედულებით, არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ და ჩვენც ქვეყანას როგორც სჭირდება, ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამტკიცოს, რომ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. მისი განმარტებით, ეს გამოიხატება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით.
„მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ არის დამოუკიდებელი, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს „ფსბ”-ს აგენტ ფარცხალაძის ბრალით გასამართლებულ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.