“სალომე ზურაბიშვილს აქვს დავალება, ოდნავ მაინც გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია”- ირაკლი კობახიძე

318
spot_img

სალომე ზურაბიშვილს აქვს დავალება, ოდნავ მაინც გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

​ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პრეზიდენტის შეხვედრების შესახებ, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრები რადიკალური ოპოზიციის გამაგრებას ემსახურება.

„რეალურად ის ცდილობს, რაღაცნაირად გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც ამ რადიკალური ოპოზიციის ნაწილია. რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. მას აქვს დავალება, რომ რაღაცნაირად ოდნავ მაინც გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია და ამას ემსახურება როგორც პოლიტიკოსებთან შეხვედრები, ასევე შესაბამის „ენჯეოებთან“ შეხვედრებიც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ საზღვარგარეთ დაგეგმილ შეხვედრებს, კობახიძის თქმით, ესეც რადიკალური ოპოზიციის ხელწერაა.

„რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან და ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტი ღიად საუბრობს იმაზე, რომ კვლავაც გავა კონსტიტუციური ჩარჩოდან. როცა რადიკალური ოპოზიცია ამას აკეთებს, ეს კიდევ, რა ვიცი, მათი საქმეა, მაგრამ როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის მატარებელი ხარ და ღიად ეუბნები საზოგადოებას, რომ მე კვლავაც გავალ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ეს გასაგებია, რასაც ნიშნავს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს ყველაფერი, თუმცა რას ვიზამთ, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაც მისი ნებაა, მაგრამ ეს არ არის მისი უფლება. კონსტიტუცია მას პირდაპირ უკრძალავს იმის გაკეთებას, რაც კიდევ ერთხელ დააანონსა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.