ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივისმცემლობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც: „გერმანიის საელჩო ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, რა შეხვედრებს მართავს სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში. არის თუ არა მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, გერმანიის კონსტიტუციის დარღვევა დაფიქსირდეს ზურაბიშვილის მხრიდან“.
„გერმანელებს მკაცრი მიდგომა აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, გერმანიაში იკრძალება უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ აგიტაციის ჩატარება. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა აირიდა თავიდან გერმანულმა მხარემ, რაც უკვე კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ყველას, რომ თავად გერმანელებს საკუთარი სამართლებრივი აქტებით აკრძალული, შეზღუდული აქვთ შესაბამისი საგანგებო თანხმობის გარეშე იმის დაშვება, რომ ვიღაცამ გერმანიის ტერიტორიაზე ჩაატაროს საარჩევნო აგიტაცია. ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივისმცემლობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.