“სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს და ამისთვის ახლა მიზეზს წინასწარ იგონებს” – ვოლსკი

22
spot_img

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს და ამისთვის ახლა მიზეზს წინასწარ იგონებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უცხოურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება გარკვეულწილად თვალთმაქცურია, რადგან დიდი ხანია, ის საკმაოდ ხისტად საუბრობს, ხშირ შემთხვევაში, ყალბად, რომ საქართველო ევროპულ მომავალს ასცდა და მისი ხელისუფლება არასწორად მოქმედებს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს. მის პოლიტიკაში ჩართვას კი წინ უნდა უსწრებდეს რაღაც მიზეზი. ახლა ამ მიზეზს წინასწარ იგონებს.

ხელისუფლებას ევროპულ კურსთან არანაირი აცდენა არ აქვს. აქედან გამომდინარე, თითიდან გამოწოვილი კონცეფციაა, თითქოს საგარეო კურსს ვინმე ცვლის. საკუთარი ქვეყნის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების გარეშე საკუთარ პოზიციებს ვერ აფიქსირებს. გაიხსენეთ მისი განცხადებები, რომლებიც 26 მაისს და პარლამენტში გააკეთა. მისი განცხადებები აზიანებს არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას. ეს არის მისი პოლიტიკური პორტრეტი და ამ პორტრეტით უნდა გამოსვლა ისე, რომ წარმატებას მიაღწიოს და ცდილობს, საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც ევროინტეგრაციის საკითხთა ლიდერი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წაიწევს წინ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში. „დარჩენილი დრო არჩევნებამდე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ვაჩვენოთ, რომ ვასრულებთ იმ ავანსს, რომელიც საქართველოს მისცეს. მე თუ დავინახავ, რომ ამ ამოცანების შესრულება სხვა ფორმატს მოითხოვს, მაშინ ვნახოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.