„სალომე ზურაბიშვილი მატჩის ბიუროში კი არ მუშაობს, პრეზიდენტია და მისი ვალდებულებაა დაასაბუთოს ვეტო”- კახიშვილი

29
spot_img

მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილი მუშაობს თავის ევროპულ პენსიაზე და ცდილობს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ შემდგომში ევროპაში უფრო მეტი პენსია დაიმსახუროს, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვალდებულებაა დაასაბუთოს ვეტო.

„სალომე ზურაბიშვილი მატჩის ბიუროში კი არ მუშაობს, პრეზიდენტია და აქვს თავისი ვალდებულება. კონსტიტუციურად ევალება, რომ დაასაბუთოს ვეტო. სხვა გამოსავალი არ აქვს. მაშინ გამოაგზავნოს ცარიელი ფურცელი, მოაწეროს ხელი და დააწეროს ვეტო. ეს იქნება მიღებული, მაგრამ იქნება კანონდარღვევა და კანონისადმი არასერიოზულობა. თუ შენ აპროტესტებ, სიღრმისეულად გჯერა და აპროტესტებ, როგორ შეიძლება არ დაწერო თუ რასთან გაქვს, რომელ მუხლთან, შინაარსთან გაქვს პრობლემა. კლიშეებით საუბარი ხომ არ შეიძლება?! ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს.

მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილი მუშაობს თავის ევროპულ პენსიაზე და ცდილობს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ შემდგომში ევროპაში უფრო მეტი პენსია დაიმსახუროს. აი, ვნახავთ, რომ თუ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მას არ ექნება თანამდებობრივი პერსპექტივა საქართველოში, მეორე დღეს ვერ ვნახავთ საქართველოში. ის სულ დროებით იყო ამ ქვეყანაში. როდესაც იყო თანამდებობაზე, აქ იყო, როცა არა – მიდიოდა. ახლაც ვხედავ ზუსტად ისეთ მოქმედებებს, რაც უკავშირდება იმას, რომ კონკრეტულად ის არ მუშაობს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე. ამ შემთხვევაში, საკუთარ სახელმწიფოში ვგულისხმობ საქართველოს იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს ასეა. თუმცა, იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც თვლის რომ მისია, იმის რაღაც ინტერესების ნაწილში შეიძლება მუშაობდეს“, – აღნიშნა კახიშვილმა.