“სალომე ზურაბიშვილი დაემსგავსა ძნელად აღსაზრდელ ბავშვს, რომელიც „შატალოზე“ დადის” – გურამ მაჭარაშვილი

23
spot_img

სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ როდესაც გადადგება, ვინმემ მიიღოს და შეიფაროს პოლიტიკურ პარტიაში, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, დაესწროს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას.

მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილისადმი ოპოზიციის მხრიდან მეტ-ნაკლები ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ მას, თუნდაც ფორმალურად, გარკვეული უფლებები გააჩნია.

„სამწუხარო მოცემულობაა, რომ ზურაბიშვილი დაემსგავსა ძნელად აღსაზრდელ ბავშვს, რომელიც „შატალოზე“ დადის, უშლიან, დასაჯეს ერთხელ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სახით, მაგრამ მაინც არ იშლის თავისას. ეს მოცემულობა შექმნა სალომე ზურაბიშვილმა მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე. ერთი, რომ რადიკალიზმის გაღვივებას ემსახურება ეს ყველაფერი და მეორე, ისე გაუფასურდა ეს მისი „შატალოები“ უცხოეთში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა აღიქვამს მისგან ამ ნაბიჯებს, როგორც არასერიოზულს.

უბრალოდ, მას უნდა, რომ როდესაც გადადგება, ვინმემ მიიღოს და შეიფაროს პოლიტიკურ პარტიაში მაგრამ მე მგონია, რომ ეს ასე ვერ იქნება, იმიტომ, რომ როცა ეს ფორმალური უფლებებიც აღარ ექნება, რაც დღეს გააჩნია, მას სერიოზულად აღარავინ მიიჩნევს და ვნახავთ ყველა, როცა მის ბრიფინგზე მის განცხადებაზე, ერთი ჟურნალისტიც არ დადგება,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.