სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

19
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროსთან ინტერვიუში გააკეთა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ზურაბიშვილი ასე პასუხობს: „ახლა მე პრეზიდენტი ვარ და ჩემი მანდატი სრულდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახალი პარლამენტი კი აირჩევს ახალ პრეზიდენტს, რადგანაც ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ხალხმა აირჩია. ჩემი გეგმაა, თუ შეიძლება ამას გეგმა უწოდოს, მივიყვანო ჩემი მანდატი დასასრულამდე და შევასრულო ჩემი როლი. პრეზიდენტი უნდა შეეცადოს, მიაღწიოს კონსენსუსს ქვეყანაში, რომელიც ღრმად პოლარიზებულია. ცხადია, ეს არ არის იოლი ამოცანა საარჩევნო წელს. არჩევნები სავარაუდოდ გახდება ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის მიზეზი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ცდილობენ ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას“.

მისივე თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წაიწევს წინ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში.

„დარჩენილი დრო არჩევნებამდე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ვაჩვენოთ, რომ ვასრულებთ იმ ავანსს, რომელიც საქართველოს მისცეს. მე თუ დავინახავ, რომ ამ ამოცანების შესრულება სხვა ფორმატს მოითხოვს, მაშინ ვნახოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს შესაძლებლობას, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს წარმატებისთვის მან პარტიის შექმნა განიხილოს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ზურაბიშვილი ასე პასუხობს: „თუ ფსონზე დევს საქართველოს ევროპული მომავალი, მე განვიხილავდი ნებისმიერ რამეს“.