“საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი” – ბექა ლილუაშვილი

10
spot_img

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრი მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე – პროცესში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, არავის მისცემენ საშუალებას, რომ ბავშვები პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ.

“ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში. ჩავერთვებით იმიტომ, რომ პროპაგანდა არ გახდეს ამ საკითხის ყველაზე დიდი პროპაგანდისტის – “ქართული ოცნების” (ეს ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ჩანს) პოლიტიკური იარაღი. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრიც მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე. უბრალოდ, რომ “დაგუგლოთ” “ლგბტ პროპაგანდა”, სიის დასაწყისში შეგხვდებათ მამუკა მდინარაძე, როგორც ამ საკითხის მთავარი პროპაგანდისტი. ამიტომ, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას პროცესში ჩართვის გზითაც, რომ ბავშვები გამოიყენოს პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.