“სახელმწიფო საზღვარი ყველა ადგილას გადავკვეთეთ, როსტოვში შევდივართ”-ევგენი პრიგოჟინი

2214
spot_img

სახელმწიფო საზღვარი ყველა ადგილას გადავკვეთეთ. მესაზღვრეები ჩაეხუტნენ ჩვენს მებრძოლებს. ახლა როსტოვში შევდივართ, – ამის შესახებ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა მორიგ აუდიომიმართვაში განაცხადა, რომელიც მისმა პრესსამსახურმა ტელეგრამარხში გაავრცელა.

„ჩვენს წინააღმდეგ წვევამდელები მოიყვანეს, რომლებიც განზე გადიან. მივდივართ წინ. ვინმე თუ შეგვიშლის ხელს, ყველას გავანადგურებთ. მივდივართ ბოლომდე“, – აცხადებს „ვაგნერის“ მეთაური.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა როსტოვში ფედერალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. რუსეთის გენერალურმა პროკურორმა, იგორ კრასნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადად მოახსენა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დეტალები.

სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა.

მანამდე, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამარხში გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც მან აღნიშნა, ამას მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვება. პრიგოჟინის ბრალდება უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პრიგოჟინის სახელით გავრცელებული ინფორმაცია და აუდიომასალა კი, ინფორმაციული პროვოკაციაა“.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა კი „ვაგნერის“ მებრძოლებს მოუწოდა, არ შეასრულონ ევგენი პრიგოჟინის დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ბრძანებები.

გარდა ამისა, გავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. როსტოვში სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე ათეული ბორტით გაუშვეს.

https://t.me/concordgroup_official/1291