სახალხო დამცველი ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ლევან იოსელიანი მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და მოკლული თემურ კარბაიას ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ. კერძოდ, ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.
სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს.
სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ადგილობრივმა მილიციამ 43 წლის თემურ კარბაია რამდენიმე დღის წინ, გაურკვეველი მიზეზით ქუჩაში დააკავა, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს გალის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. მათივე თქმით, კარბაიაზე მილიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ძალადობის შედეგად ის საავადმყოფოში თავად მილიციელებმა გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.