6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. ამ დროისათვის, სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ. ამავდროულად, როგორც ლევან იოსალიანი აცხადებს, აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის სავარაუდო უფლება დარღვევის ფაქტები. „აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, რათა, მათ შორის, არ მოხდეს არასრულწლოვანთა რეტრავმატიზაცია. სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ საქმეს“, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.