სახალხო დამცველი დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

99
spot_img

საქართველოს სახალხო დამცველი “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

“სახალხო დამცველი დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც კვირეულის დასაწყისში სახალხო დამცველმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მათი მოსაზრებები საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის.

ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქცია. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოში. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება” – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.