“საჰელის რეგიონში რუსეთის გავლენა დილემას იწვევს” – ჯოზეფ ბორელი

34
spot_img

საჰელის რეგიონში რუსეთის გავლენა დილემას იწვევს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ხუნტას მიერ მართული მალის, ბურკინა-ფასოსა და ნიგერის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინათ დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა, რეგიონში ევროკავშირის ყოფნა კიდევ უფრო გაართულა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა სამმა სახელმწიფომ, ყველა მათგანმა სამხედრო დიქტატურით, რეგიონული ორგანოს დატოვება გადაწყვიტა. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ რუსეთის გავლენის ზრდას. ეს ამ ტერიტორიის ახალ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას ქმნის“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ მალიში რუსეთის გავლენა ძლიერია და შეიძლება ნიგერსა და ბურკინა-ფასოშიც გაიზარდოს.

„ჩვენ მალიში ჯერ კიდევ გვყავს რამდენიმე მისია, რომლებიც არ გამოგვიყვანია, მაგრამ ჩვენ რუსეთის „აფრიკის კორპუსთან“ თანამშრომლობა არ გვსურს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მალიში მისი მისიის დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება 24 მაისამდე უნდა მიიღოს.