საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება

87
spot_img

ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მიმდინარე წლის 3 ივლისიდან 8 აგვისტომდე, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროცესში ჩართული ყველა პირის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, ვგეგმავთ, დავაწესოთ სპეციალური მარშრუტები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გლდანისა და მუხიანის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“, კერძოდ, გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან; მესამე მასივში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით, ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან; მეტრომშენის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან.

დედაქალაქის მერმა აქვე, გამოცდების ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.