“საერთაშორისო სანქციებთან მიერთების კუთხით საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა განსხვავებით ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნისგან”-ირაკლი ქადაგიშვილი

68
spot_img

ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესი გვაქვს. ევროკომისიის დასკვნა უკვე საბოლოო ეტაპია, როცა ევროსაბჭო სტატუსს მოგვანიჭებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირის სტანდარტებთან მაქსიმალურად დასაახლოებლად რეფორმების გატარება მუდმივი პროცესი იქნება.

„რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ის რეფორმები იქნება განსახორციელებელი, რაც ცხრა ნაბიჯში წერია, არამედ სხვა მიმართულებითაც გარკვეული რეფორმები იქნება გასატარებელი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს იქნება მუდმივი პროცესი და დაკავშირებული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შემდგომ რეფორმირებასთან, რათა ევროკავშირის სტანდარტებთან მაქსიმალურად იყოს მიახლოებული. აქედან გამომდინარე, ნუ ვიტყვით, რომ რაღაც ზღვარია, რომლის შემდეგაც საქართველოს არ ექნება რეფორმები გასატარებელი. ეს იქნება მუდმივი, ხშირ შემთხვევაში, ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ჩვენ ამ რეფორმას გავატარებთ. გავატარებთ როგორც ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში, ასევე ჩვენი ქვეყნის კონკრეტულ ინტერსებთან შესაბამისობაში ყოფნით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება სანქციების საკითხს, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, არც ევროკომისიას მოუთხოვია, რომ საქართველომ რუსეთს პირდაპირი სანქციები დაუწესოს

„საერთაშორისო სანქციებთან მიერთების კუთხით საქართველო სამაგალითო ქვეყანაა, განსხვავებით ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნისგან, სადაც სანქციების გვერდის ავლას კარგად ახერხებენ. ყველა მონიტორინგი აჩვენებს, რომ საქართველო ამ მხრივ სამაგალითოა. პირდაპირ სანქციას რაც შეეხება, ამაზე ჩვენი პოზიცია ნათელია და არც ევროკომისიას მოუთხოვია, რომ საქართველომ რუსეთს პირდაპირი სანქციები დაუწესოს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მძიმე დარტყმის მიყენებას და პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ესკალაციის გაღრმავებას. ამ შემთხვევაში, ჩვენ არც ერთი საერთაშორისო გარანტორი არ გვიცავს არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკური მიმართულებით. ეს ევროპის ლიდერებს ესმით და საქართველოს მიმართ ასეთი მოთხოვნა არ დგას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.