“სადიზმი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ეს დადასტურებული ფაქტია” – ზურაბ აბაშიძე

18
spot_img

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ დეგრადაციას განიცდიან და აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ.

მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი იზრდება და ეს ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლები კი გამოდიან და ამბობენ, რომ მთავრობა იპარავს ამ ფულს.

„მაქვს განცდა, რომ სხდომიდან სხდომამდე ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები უფრო და უფრო მეტად განიცდიან პოლიტიკურ დეგრადაციას. თბილისის ბიუჯეტი იზრდება და ეს ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლები კი გამოდიან და ამბობენ, რომ არაფერიც არ იზრდება და რომ მთავრობა იპარავს ამ ფულს. საოცარ მდგომარეობაში იგდებენ თავს. მერე არჩევნებში დამარცხდებიან და იტყვიან, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური და ის გაყალბდა. თუ გაქვთ სურვილი, რომ ამგვარ რეალობაში იცხოვროთ, იცხოვრეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. აქ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საკმაოდ მძიმე პოლიტიკური წარსული აქვთ. დღეს ჩვენ აქ ვისმენდით გამოსვლებს იმის შესახებაც, რომ თითქოს ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ფინანსდებიან იმისთვის, რომ იქცნენ ზონდერებად და ხალხი სცემონ ქუჩაში. ეს თქვენი წარსულია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ადამიანებს მათ დროს ხვდებოდნენ ქუჩებში, სცემდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ. სადიზმი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ეს დადასტურებული ფაქტია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დასძინა, რომ რაც არ უნდა გამოეყონ „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ადამიანები და გადაჯგუფდნენ, იქნება ეს ნიკანორ მელიას მხარე, გვარამიას მხარე თუ ვაშაძის მხარე, მნიშვნელობა არა აქვს, კოლექტიურად ყველა არის „ნაციონალური მოძრაობა“.

„ეს ერთი სახეა, ყველას აქვს ერთი პოლიტიკური წარსული. ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდით ადამიანებს. იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადოთ, მოინანიოთ, აბსურდულ ბრალდებებს აჟღერებთ და არ გრცხვენიათ. თქვენ ხართ ძალადობის, სადიზმის და ყველაფერი უმსგავსობის მაგალითი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ, რომლის კომენტარს საკრებულო ავრცელებს.