საბოლო ჯამში, მივაღწიეთ კონსენსუსს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით -მამუკა მდინარაძე

26
spot_img

საბოლოო ჯამში, მივაღწიეთ კონსენსუსს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელს, ვასილ მაღლაფერიძესა და გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს კონსულტაციებში ინტენსიური მონაწილეობისთვის.

„კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივედით კონკრეტულ გადაწყვეტამდე – მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, დაასრულონ ძალიან კარგი პროექტი – ახალი შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა, მოახდინონ მისი სრული აღჭურვა. ორი წლის შემდეგ, 2026 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ადამიანების რაოდენობის ნამრავლი 64-ზე. დღევანდელი მოცემულობით თუ ავიღებთ წინა წლის დასაქმებულთა რაოდენობას, ეს მთლიანად ფარავს მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს. რა თქმა უნდა, პროგნოზია, რომ გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. ბუნებრივია, დრამატული ზრდა ვერ იქნება, მოსახლეობის რაოდენობას ვერ გადააჭარბებს, უტრირებულად და ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, მაგრამ იქნება ზრდა, მათ შორის, წლევანდელი მონაცემების მიხედვითაც, თანხა დღევანდელ საოპერაციო ხარჯებზე მეტი იქნება. ხელფასების ზრდა და ინფლაციის შესაბამისი, ადეკვატური ზრდა ყველა მიმართულებით მაუწყებელს შიგნით შეიძლება ჰქონდეს და შესაბამისი ხარჯები დაფაროს. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ იქნება დასაქმებული ადამიანების ზრდა ქვეყანაში, რაც ავტომატურად გამოიწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ზრდას, თუმცა,  ბუნებრივია, ეს არ იქნება ისეთი დინამიკა, როგორიც იყო აქამდე, გაორმაგება და გასამმაგება, როგორც შეიძლებოდა მომხდარიყო, არ იქნება. ასევე, კანონში დაზღვევის სახით იწერება ისიც, რომ შემცირების შემთხვევაში (ასეთი პროგნოზი არ გვაქვს, მაგრამ თეორიული რისკებიც უნდა დავაზღვიოთ), თუ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამას ავტომატურად არ მიჰყვება და არ შემცირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.