“სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოგვეტანა?” – იაგო ხვიჩია

350
spot_img

მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოგვეტანა, მაშინ როდესაც საჯაროდაც ატანდნენ და ამასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ იყო – წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მოაწყო (პოლონელმა ექიმმა) ფინტი, რაც შემდგომ „ქართულმა ოცნებამ” საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, მომხდარზე საჭიროა პოლონური მხარის განმარტებას დაველოდოთ.

„ამ ადამიანს სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშებს წინდების გარეშეც გამოატანდნენ.

მაშინაც კი, როცა მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა არ სჭირდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გავგზავნოთ – ეს იმიტომ, რომ სააკაშვილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში შარი იყო”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას აზრით, თუკი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდება, ეს იქნება არა იმდენად პრეზიდენტ ზურაბიშვილის, არამედ „ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.