,,სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას შეეცდება”- დავით ჩიხელიძე

113
spot_img

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილის სტრატეგია შეიცვალა. სტრასბურგმა მკაფიოდ თქვა, რომ სააკაშვილის ადგილია ციხეში, ის არათუ სხვა ქვეყანაში გადაყვანას, არამედ სხვა კლინიკაში გადაყვანასაც არ საჭიროებს. სააკაშვილი მიხვდა, რომ შიმშილობა თავისუფლებას ვერ მოუტანს, სასჯელისგან ვერ გათავისუფლდება“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა ეს მას თავისუფლებას ვერ მოუტანს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილმა დაარღვია ქართულ პოლიტიკაში ჩაურევლობის პირობა, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ის თავს უკრაინელ პოლიტიკოსად თვლის, რომელიც არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას, იმავეს ტირაჟირებდა სააკაშვილის ადვოკატი და დედა, რომლებიც ხშირად ამბობდნენ, რომ სააკაშვილს ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს, ის (სააკაშვილი) უკრაინულ არხებს უყურებს და უკრაინულ ამბებს ეცნობა.

საზოგადოება გასული თვეების განმავლობაში მუდმივად ისმენდა, რომ სააკაშვილი კვდება, მარტო თავი დარჩა, ვერ გადაადგილდება, აქვს ათობით დაავადება და ა.შ. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა, უფრო მეტიც სააკაშვილის მხარდამჭერების, პარტიის წევრების რიტორიკა რადიკალურად შეიცვალა, გახმოვანდა მისი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა, თვითონ კი ორი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. სააკაშვილის „ვივამედში“ ყოფნის პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობას„ აქცია არ გაუმართავს („ვივამედთან“) გუშინ პირველი აქცია ვნახეთ, რაც ცალსახად ნიშანია, რომ სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას შეეცდება. სააკაშვილს სტრატეგიის ცვლილება, თავისუფლებას ვერ მოუტანს“, – წერს ჩიხელიძე.