“რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს” – განათლების სამინისტრო

46
spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება.

გაცნობებთ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შემოსულა.

როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.