,,რუსი მესაზღვრეები ერევნის საერთაშორისო აეროპორტს 1-ელი აგვისტოსთვის დატოვებენ”- ფაშინიანი

25
spot_img

რუსი მესაზღვრეები ერევნის საერთაშორისო აეროპორტს 1-ელი აგვისტოსთვის დატოვებენ, –  ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ შევატყობინეთ, რომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. თუ არ ვცდები, 2024 წლის აგვისტო არის ბოლო ვადა“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ ეს სამუშაო საკითხია და არა – პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური ხასიათის.

პუტინის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, სომხეთმა რუსეთს ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან მესაზღვრეების გაყვანა ოფიციალურად მოსთხოვა.

დმიტრი პესკოვის ცნობით, უწყებრივი წერილი, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ზვართნოცის აეროპორტში მუშაობა შეაჩერონ, უკვე მიიღეს.

კრემლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ დეპარტამენტები ამჟამად კონტაქტზე არიან.