რუსეთთან არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, არის სპეციალური წარმომადგენელი, ეს არის ერთადერთი არხი, რაც გვაქვს კომუნიკაციის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, ჩადოს ინვესტიცია სატრანსპორტო კვანძის გახსნაში.
მისივე თქმით, ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც აღმოჩნდა ფარსი და ტყუილი.
„ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფარგლებს მიღმა არ გავდივართ. არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, არის სპეციალური წარმომადგენელი. ეს არის ერთადერთი არხი, რაც გვაქვს რუსეთთან კომუნიკაციის. საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს. ეს არის ის თემები, რაზეც არის კონცენტრირებული ურთიერთობები, მაგრამ არა ამის მიღმა“, – განაცხადა კობახიძემ.