2023 წლის გასული 5 თვის მდგომარეობით, რუსეთში წყნარი ღვინოების მიწოდების კუთხით საქართველო ლიდერობს. ამ მაჩვენებელში საქართველომ იტალიას გაუსწრო.
ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საბაჟო ორგანოებზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.
რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. ამავე დროს რუსეთში იტალიური ღვინის 23,4 მილიონი ლიტრი შემოიტანეს – მიწოდება 31%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც – ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალია.
ექსპერტების აზრით, საქართველოდან ღვინის მიწოდების ზრდა განპირობებულია „გადახდასთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობით“, და ასევე იმ კონტრაქტებით, რომლებსაც რუსული სავაჭრო ქსელები პირდაპირ მწარმოებლებთან დებენ. ასევე ქართულ ღვინოზე ნულოვანი საიმპორტო ბაჟი ვრცელდება და მათი ფასი შედარებით სტაბილურია.