„რუსეთს უკრაინასთან ომის დაფინანსება კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია” – ვაშინგტონ პოსტი

91
spot_img

„პრესაში და ღია სივრცეში „გაჟონილი“ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, ამერიკული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებას, სულ მცირე, კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეძლებს, მძიმე და ზიანის მომტანი უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად“, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთს უკრაინასთან ომის დაფინანსება კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია“ (ავტორი – ადამ ტეილორი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ასეთ დასკვნებს შეიცავს ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც ღია სივრცეში ამერიკის ნაცგვარდიის ტექნიკურმა თანამშრომელმა ჯეკ ტეიშერმა განათავსა (იგი ამჟამად დაპატიმრებულია და, სავარაუდოდ, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება).

დოკუმენტი გვაჩვენებს იმას, თუ როგორ შეფასებას აძლევს ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციების ეფექტურობას და როგორ აღიქვამენ თვითონ რუსები დასავლური სანქციების გავლენას.

სტატიაში ავტორი იყენებს ნაწყვეტს პენტაგონის დოკუმენტიდან (გრიფით „საიდუმლო“), რომელშიც ნათქვამია: „მოსკოვი სულ უფრო მეტად ისარგებლებს და დაეყრდნობა კორპორაციულ გადასახადებს, სტაბილიზაციური ფონდის სახსრებს, იმპორტის გაფართოებას და ხელს შეუწყობს ბიზნესის შეგუებას ახალი პირობებისადმი, რათა დასავლეთის ეკონომიკურ ზეწოლას გაუმკლავდეს“.

აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბიზნეს-ელიტის ყველა წარმომადგენელი არ ეთანხმება კრემლის კურსს უკრაინასთან მიმართებით, რადგან სანქციების ნეგატიური გავლენა მათ ზურგზე გადადის, ისინი მაინც ვერ გაბედავენ ვლადიმერ პუტინისათვის მხარდაჭერაზე უარის თქმას და ხელისუფლების ჩინოვნიკებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ ეკონომიკის შესანარჩუნებლად, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.

როგორც ექსპერტები ამბობენ, სანქციების მოქმედების ეფექტურობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სანქციების შემოღებას მათი შესრულების კონტროლიც უნდა ახლდეს. გარდა ამისა, რაც დრო გადის, ჩნდება ახალი გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ემბარგოს თავდაპირველ როლზე. მაგალითად, ამას წინათ „ოპეკ“-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე ფასების დადგენის თაობაზე, რომელმაც სანქციების ეფექტი შეამცირა.
ვაშინგტონში არსებულმა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა მიმდინარე თვეში გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია: „რუსეთი ძველებურად ფლობს დასავლური სანქციებისადმი კარგად შეგუების უნარს“, რაც ფაქტობრივად, ეთანხმება გასაიდუმლოებულ დოკუმენტში მოცემულ დასკვნას, თუმცა იქვე ისიც არის აღნიშნული, რომ „სანქციებმა რუსულ ეკონომიკას განსაზღვრული ზიანი მაინც მიაყენა“.

ამერიკული დაზვერვის მიერ შედგენილ დოკუმენტში მოხსენიებულია ერთ-ერთი ფაქტი იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ არიან შეშფოთებულნი დასავლური სანქციებით რუსეთის სამთავრობო სტრუქტურები: მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა წერილი მოამზადა პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის სახელზე, რომელშიც მინისტრი სთხოვს პრემიერს, „პოტენციური ეკონომიკური კრახის თავიდან აცილების მიზნით“, დაეხმაროს პრორუსულ საერთაშორისო ფინანსურ სტრუქტურებს, როგორებიც არიან საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ბანკი და ევრაზიული საინვესტიციო ბანკი“. საქმე იმაშია, რომ ამერიკამ 12 აპრილს სანქციები დაუწესა ბუდაპეშტში განთავსებულ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს და აიძულა უნგრეთის მთავრობა შეეწყვიტა ურთიერთობა ამ აშკარად პრორუსულ საფინანსო დაწესებულებასთან. იგივე ბედი ელოდება სხვა რიგ მსგავს ორგანიზაციებსაც.

ასეა თუ ისე, რუსეთის ეკონომიკა ჯერ-ჯერობით კვლავ მოქმედებს. მისი განვითარების ფაქტობრივი დინამიკა, ბევრი დასავლელი ექსპერტის პროგნოზის მიუხედავად, მეტ-ნაკლებად დადებითი აღმოჩნდა. ამასობაში კი უკრაინის ეკონომიკა 30%-ზე მეტად შემცირდა.

რასაკვირველია, ამერიკელი სამხედროების დასკვნა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელება კიდევ ერთ წელიწადს უმტკივნეულოდ შეუძლია, დიდი ალბათობით, მაინც თეორიულად უნდა ჩავთვალოთ, რადგან მასში არაფერია ნათქვამი სხვა ფაქტორებზე, რომლებსაც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, მაგალითად, საბრძოლო მასალების ხარჯვას და განსაკუთრებით, ჯარის შევსებას ახალწვეულებით, რაც გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

წყარო