“თუ სუვერენიტეტის თუნდაც ერთ მისხალს დათმობ, კოლონია ხარ და არა პარტნიორი”

1547
spot_img

ამას წინათ ვიღაც ოპოპოლიტიკოსი იმოძღვრებოდა, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს როცა ალაგებ, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა გიწევსო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე წერს.

მისი თქმით, ასეთების მიშვება არც პოლიტიკასთან შეიძლება, არც ახალგაზრდებთან.

“ერევათ სუვერენიტეტის დათმობა ინტერესების დათმობაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ სუვერენიტეტის თუნდაც ერთ მისხალს დათმობ, კოლონია ხარ და არა პარტნიორი.
ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დალაგებისას, სუვერენიტეტის სისრულეს კი არა, ინტერესებს ათანხმებენ.
ინტერესები, მათ შორის სასიცოცხლო, ყველა სახელმწიფოს გაწერილი აქვს. შენი რომელიმე ინტერესი, შესაძლოა, მეორე სახელმწიფოსთვის გამოწვევა, რისკი ან საფრთხე იყოს.

დაახლოებით 2016 წელს დავწერე, როცა თურქეთსა და რუსეთს შორის საავიაციო ინციდენტის და ემბარგოს შემდეგ, ურთიერთობების დალაგება დაიწყო, რომ “რუსეთმა და თურქეთმა ურთიერთსაპირისპირო პრობლემები დროებით თაროზე შემოდეს” მეთქი.

ასეც ხდება, როცა მხარეთა ინტერესები იკვეთება, შეუძლიათ ზოგი მათგანი შეათანხმონ, ზოგი გვერდზე გადადონ, გაიტანონ მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან, არ იმოქმედონ ერთმანეთის საპირისპიროდ.

ზე სახელმწიფოებიც კი ათანხმებენ ინტერესებს. რამდენადაც ნაკლებად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს სახელმწიფოთა ურთიერთობები და პირიქით, რამდენად თანხვედრაშია, ამაზეა დამოკიდებული პარტნიორობის ხარისხი.

ეს საკითხები საკამათოც არაა. ანა-ბანაა.

ბოლოს ვიკიპედიას მოვიშველიებ. ბოლო წინადადებას მიაქციეთ ყურადღება:

“სუვერენიტეტი — ექსკლუზიური უზენაესობა, უზენაესი უფლებების ერთობლიობა, რომელიც სახელმწიფოსა და მის მეთაურს ეკუთვნის. ქვეყნის სუვერენიტეტი მის სრულ დამოუკიდებლობას ნიშნავს. სხვა სიტყვებით, სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ მოცემული ქვეყნის ტერიტორიის ყველა წესი და კანონი თავად ამ ტერიტორიის მიერ წესდება, და მხოლოდ მის მიერ.”

როგორც ხედავთ განმარტებიდან, ცალ ფეხზე დგომას არ ითვალისწინებს. თავისუფლება უდრის სუვერენიტეტს და პირიქით. ერს უნდა შეეძლოს და უნდა ჰქონდეს შიდა მოთხოვნილება, დაიცვას სუვერენიტეტი. ბოლო-ბოლო, სახეს მაინც უნდა ინარჩუნებდე,”- წერს ამირან სალუქვაძე.