,,რუსეთს ბევრი ინსტრუმენტი აქვს საქართველოს ასაფეთქებლად, რაც, მაგალითად, აზერბაიჯანში არ აქვს”- საყვარელიძე

170
spot_img

რუსეთმა, რომელიც ომშია ჩართული, ამდენი ხნის ჩაჟანგული ვიზებისა და ფრენების საკითხი რატომ ამოიტანა? უკრაინის მჩაგვრელ ოკუპანტ რუსეთს აუკრძალეს ტვირთების გადატანა და ეს ხაზები უნდა გადმოვიდეს კავკასიაზე. ჯერ არ გაფორმებულა. შესაბამისად, დღეს რუსეთს აწყობს კავკასიის აფეთქება, მით უმეტეს, საქართველოსი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს ბევრი ინსტრუმენტი აქვს საქართველოს ასაფეთქებლად, რაც, მაგალითად, აზერბაიჯანში არ აქვს. „ჩვენ ვხედავთ, რა ოპერატიულად იგებენ საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინ ჩამოდის, როდის ჩამოდის, სად ჩერდება და ა.შ. აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ არის მეხუთე კოლონა და არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. რუსეთის ინტერესზე მუშაობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩაიშალოს კანდიდატის სტატუსი და მეტი რაღა უნდა ქნან? რუსეთის პასპორტიანი მოქალაქეები ჰყავთ პარტიაში, ბიოგრაფიებზე აღარ ვლაპარაკობ და სხვა რა უნდა მოხდეს, როდემდე უნდა გავიკვირვოთ მათი რუსეთთან სიახლოვე, მათი ინტერესი?“ – განაცხადა საყვარელიძემ. როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო ამოვარდეს იმ ქვეყნების რიგიდან, სადაც ყოფნა უსაფრთხოა. „რა იყო გავრილოვის ღამეს? იგივე იყო; მერე პოზნერი რომ ჩამოვიდა, იგივე იყო. ანუ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ამოვარდეს იმ ქვეყნების რიგიდან, რომლებშიც ყოფნა უსაფრთხოა. შესაბამისად, მოაკლდეს ტრანზიტი, მოაკლდეს ტურისტი და ა.შ. ავტობუსში მყოფი ადამიანების შეურაცხყოფა ხომ უკვე იმის ნაბიჯია, რომ, აი, ჩვენთან ყოფნა სახიფათოა. მეტი ხომ არაფერია?! ძალადობაა წასული წინა პლანზე და თუ ჩვენთან ყოფნა სახიფათოა, ეს მესიჯი მარტო რუსისთვის კი არ იქნება, არამედ ყველასთვის, ვინც უცხოეთიდან მოდის“, – განაცხადა საყვარელიძემ. ამასთან, საყვარელიძემ თქვა, რომ, სამწუხაროდ, პატრიოტულ თემებზე გულანთებული მოსახლეობის ნაწილი გარბის და აქციაზე იცავს საქართველოს, მაგრამ ასეთი დაცვით საქართველოს ცუდ საქმეს რომ უკეთებენ, ამას დაფიქრება სჭირდება.