რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი ბაზის შექმნის შესახებ გამოაცხადა, უკრაინული რაკეტებისა და დრონებისგან მაქსიმალურად შორს, თუმცა მათ ყველგან მივწვდებით -ზელენსკი

149
spot_img

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი ბაზის შექმნის შესახებ გამოაცხადა, უკრაინული რაკეტებისა და დრონებისგან მაქსიმალურად შორს, თუმცა ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე ონლაინგამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ არ აქვს ოკუპირებულ ყირიმზე სრული საცეცხლე კონტროლი, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია.

„რუსეთის სამხედრო ფლოტს აღარ შეუძლია შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირება და ყირიმიდან თანდათან გარბის. ეს არის ისტორიული მიღწევა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ხელმძღვანელი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო ზუსტად კი – მისი ნარჩენების ახალი ბაზის შექმნის შესახებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მაქსიმალურად შორს უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო დრონებისგან, თუმცა ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსი ტერორისტებისთვის აღარ არსებობს ყირიმში უსაფრთხოების ბაზა და საიმედო ლოგისტიკური მარშრუტი, ხოლო პროუკრაინული განწყობები ყირიმში სულ უფრო ღია ხდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანია, უკრაინული მიწების სრული დეოკუპაცია, ყირიმის ჩათვლით.