რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა

54
spot_img

სირიასა და ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმების გამო რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი ავრცელებს.

მისი თქმით, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აშშ სირიასა და ერაყზე დარტყმებით საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის შეფასებით, ამგვარად ვაშინგტონი ცდილობს, კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთის უმსხვილესი ქვეყნები ჩაითრიოს.

დიმიტრი პოლიანსკის თქმით, უშიშროების საბჭოში ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა გაიანა სხდომის დანიშვნას 5 თებერვალს გეგმავს.

იქამდე, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.

3 თებერვალს აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ 7 ობიექტზე მიიტანა იერიში. სამი მათგანი ერაყში მდებარეობს, ოთხი კი სირიაში.