უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმება რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ დაკავების ორდერს. საუბარია ორ რუს სამხედრო მაღალჩინოსანზე, რომლებიც უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი.
„მათ განახორციელეს და ახორციელებენ ტერორისტულ კამპანიას ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ. განახორციელეს დარტყმები ჩვენს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის აშკარა დანაშაულები – რუსეთის ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. რუსი მკვლელები პასუხს აგებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერი გასცა. ჰააგის საერთაშორისოს სასამართლოს განცხადებით, არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები პასუხისმგებელნი იყვნენ „სარაკეტო თავდასხმებზე, რომლებიც განხორციელდა მათი მეთაურობით უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურაზე“. საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელზე თავდასხმებმა ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებს ასევე სურთ, რომ პროკურატურამ შეაფასოს დარტყმები არა მხოლოდ ომის, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებად.